მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არცერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს პარლამენტი მიიღებს, არ იქნება კანონიერი და ლეგალური - კონსტიტუციონალისტი

ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ არც ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს პარლამენტი მიიღებს, საკუთარი უფლებამოსილების ცნობის ჩათვლით, კანონიერი არ იქნება. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.

როგორც ვახუშტი მენაბდე განმარტავს, მიზეზი ისაა, რომ 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებულია. მისივე თქმით, რეგლამენტის შესაბამისი ნორმა, რომლიდან გამომდინარეც პარლამენტს შეკრება არ შეუძლია, სარჩელის შეტანის მომენტიდან მოქმედებს იმის მიუხედავად, რომ ჯერ წარმოებაში მიღებული არაა.

"საკონსტიტუციო სარჩელის სასამართლოში განხილვის რამდენიმე ეტაპია: პირველია შეტანა, მეორე რეგისტრაცია, მესამე წარმოებაში მიღება, მეოთხე - საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამ სარჩელს ორი ეტაპი გადალახული აქვს.

პარლამენტს არ შეუძლია შეიკრიბოს, თუ დეპუტატების არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია, ანუ თუ სარჩელი შეტანილია, შეტანის მომენტიდან რეგლამენტის ის ნორმა უკვე იწყებს მოქმედებას, რომელიც ამბობს, რომ თუ 50 დეპუტატზე მეტის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია, სხდომა უნდა შეწყდეს. ჩვენს შემთხვევაში 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული.

არც ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს პარლამენტი მიიღებს, საკუთარი უფლებამოსილების ცნობის ჩათვლით, არ იქნება კანონიერი და ლეგალური",- ამბობს მენაბდე.

მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ საქმეს წარმოებაში არ იღებს, 150 მანდატი გასაჩივრებული აღარ იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტს ამ თვალსაზრისით გამოწვევა აღარ ექნება.

რაც შეეხება იმას, რომ სხდომა პრეზიდენტმა არ მოიწვია, კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ეს პარლამენტის შეკრებისთვის დამაბრკოლებელი არაა.

"პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს. თუ ამას არ გააკეთებს, პირდაპირ არ წერია, რა ხდება ამ შემთხვევაში. ამ ხარვეზის შესავსებად სხვა ნორმა უნდა გამოვიყენოთ. ეს არის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ნორმა, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტი მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება და ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას",- აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, გამწესრიგებელი სხდომის თარიღი, რომელზედაც სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უნდა იმსჯელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები