ბიზნეს კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სტუმრები ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების თემებზე, ეკონომიკურ პრობლემებსა და ბიზნეს გარემოზე იმსჯელებენ.
"საერთო ინტერესები, საერთო მისწრაფებები" - ამ ლოზუნგის ქვეშ აერთიანებს წლევანდელი ფორუმი რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პლენარული სესიები, ანგარიშები და დისკუსიები რეგიონული ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტრანზიტის შესახებ. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ რეგიონალურ ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, მეწარმეობასა და ინოვაციებზე, ადამიანურ კაპიტალსა და განათლებაზე.
ფორუმში მონაწილეობას 80-ზე მეტი გავლენიანი და ცნობილი მომხსენებელი და ექსპერტი მიიღებს. ღონისძიებას რეგიონის 20-ზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.
კონფერენციის მთავარ მომხსენებელთა შორის არიან: უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უზბეკეთის იუსტიციის მინისტრი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
სპეციალურად ფორუმისთვის უზბეკეთში არტურ ლაფერიც ჩადის. ლეგენდარული ამერიკელი ეკონომისტი, ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური იდეის ავტორი საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარსდგება.
"ფორუმის ძირითადი ღირებულება მონაწილეთა ძალიან მრავალფეროვანი სიით არის ის, რომ მოწვეულ სტუმრებს თუ მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა ამ რეგიონის უკეთ შეცნობისა და ბიზნეს გარემოსა თუ პოტენციალის კარგად გაცნობისთვის’’, - განაცხადა Rumsfeld Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სარა დეონუკმა.
ფორუმს ორგანიზებას უწევს რამსფელდის ფონდი (Rumsfeld Foundation) ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტსა და CAMCA Network-თან ერთად. ღონისძიების ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებთან კომუნიკაციისა და ურთიერთქმედების გაფართოება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე.

























