საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე ძველ, 137 წლის ბიზნესს, "ლაღიძის წყლებს" განახლებული ლოგო და ბიზნესის განვითარების ახალი გეგმა აქვს. სააქციო საზოგადოება “ლაღიძე”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ლაღიძის წყლების დამფუძნებლის შვილთაშვილმა თინათინ ლაღიძემ ლოგოს და ბრენდის განახლების დეტალებზე bm.ge-სთან ისაუბრა.
"ჩვენი ლოგო მიტროფანე ლაღიძემ 1887 წელს იმ დროისთვის ძალიან ცნობილ მხატვარს დიეგო ზაზიაშვილს შეუკვეთა და ბრენდის დაარსების შემდეგ, 3-4 წელიწადში უკვე არსებობდა ეს არაჩვეულებრივი ლოგო, რომელიც მაღალი მხატვრული ღირებულებისაა. მოგეხსენებათ, საბჭოთა დრო ყველაფერს ამახინჯებდა და ყველაფერი სერიული წარმოების უნდა ყოფილიყო, ინდივიდუალიზმისა და ესთეტიკისგან დაცლილი. ხან სახე შეუცვალეს, ხან ლოგო ამოიღეს და სახეცვლილი ფორმით იყიდებოდა. თუმცა, წვრილი შრიფტით წარწერა რჩებოდა. ბევრი სახე იცვალა და ბოლო წლებში გაჩნდა განახლების სურვილი. შესაბამისად, განახლება ახალგაზრდა ჯგუფს შევუკვეთეთ, რომლისთვისაც დიდი გამოწვევა იყო, თუმცა თავი არაჩვეულებრივად გაართვეს. უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ისტორია, ტრადიცია, სლოგანი და ყველა ასპექტი, რაც შეძლეს. მთავარია, რომ ახლა ეს მომხმარებელს მოეწონოს.
საბოლოოდ როცა, ეს პროდუქციაზე იქნება დატანილი, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება" - განაცხადა თინათინ ლაღიძემ და დასძინა, რომ ამჟამად კომპანიის პროდუქცია 100-მდე კვების ობიექტში იყიდება.
"ძალიან ბევრ კაფეში შევდივართ და ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. დღეს, ლაღიძის წყლები ასამდე კვების ობიექტშია წარმოდგენილი" - განაცხადა თინათინ ლაღიძემ.
მისივე თქმით, რებრენდინგის შემდეგ კომპანია ბევრ აქტივობას, მათ შორის ექსპორტზე გასვლას გეგმავს, თუმცა დეტალებზე საუბარი მენეჯმენტს წინასწარ არ სურს.
ცნობისთვის, "ლაღიძის წყლის" ვიზუალურ საკომუნიკაციო იდენტობაზე დავით კუპატაძის სტუდიამ, კრეატიულ სააგენტო Creative Culture-სთან ერთად იმუშავა.