მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ასანთის ქარხნის ნაცვლად აშენებული დაფნის საწარმო შემოდგომიდან ამუშავდება

5b0f0220d11c6
მაია ბიწაძე
31.05.18 10:00
1549
შპს "მარსი" სრული დატვირთვით სექტემბრიდან ამუშავდება და წელიწადში 3-4 ათასი ტონა დაფნის ფოთლის გადამუშავებას შეძლებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ემზარ ბასილაიამ განუცხადა. მისი თქმით, საწარმო დაფნას ხობის რაიონის მიმდებარე სოფლებიდან ჩაიბარებს, სადაც სეზონზე 4-5 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი მოდის.

როგორც ემზარ ბასილაია ამბობს, გადამამუშავებელ საწარმოს ორი წელია აშენებს და უკვე 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის საბოლოოდ დასასრულებლად 150 ათასი ლარის სესხი, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ახლახანს გამოუყვეს.

"საწარმოს მოწყობა თითქმის დავასრულე. საამქრო მშრალ დაფნას უკვე იბარებს, სრული დატვირთვით კი სექტემბრიდან ავამუშავებთ, როდესაც ნედლი დაფნის ფოთლის ჩაბარების სეზონი დაიწყება. საწარმოს დღეში 4-5 ტონა დაფნის მიღება და გადამუშავება შეუძლია. ფოთოლს დავახარისხებთ და სპეციალურ ტომრებში დავპრესავთ, რაც შემდეგ ექსპორტზე გაიგზავნება“, - განაცხადა ემზარ ბასილაიამ.

დაფნის ფოთოლი 100%-ით საზღვარგარეთ გაიყიდება. კომპნაია "მარსი" ექსპორტს უკრაინაში, რუსეთში და პოლონეთში განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ დაფნის საწარმომდე ადგილზე ბიზნესმენს ასანთის ქარხანა უნდა აეშენებინა, თუმცა, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბანკებმა მას სესხი არ გამოუყვეს, რადგან ბიზნესპროექტი არაკონკურენუტნარიანად ჩათვალეს. აღნიშნულის შემდეგ ბიზნესმენმა ადგილზე დაფნის საწარმოს გახსნა გადაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები