"5420 სიტყვიან ტექსტში სიტყვა ტურიზმი მხოლოდ ოთხჯერ არის ნახსენები", - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის წერილს თავის Facebook-გვერდზე ბიზნესმენი, კომპანია Gudauri-Heliski-ს ხელმძღვანელი ვახტანგ ასათაშვილი, რომელიც აღნიშნულ თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრობს.
- რას გვეუბნება ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილი შედარებები და რიცხვები დარგზე საქართველოში?
- უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის წერილს ამხელა დისკუსია არ მოყვებოდა, ვინაიდან ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებისა და ბიზნესის მიმართ. ჩვენს შემთხვევაში ყველა ფაქტი ადასტურებს, რომ მთავრობა ამ შემთხვევაში ანგარიშვალდებულია მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინოს თავი მხოლოდ ყოფილ პრემიერთან. თუ ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილია, მაშინ ყველაფერი კარგად არის. თავის წერილში ივანიშვილს 5420 სიტყვიდან მხოლოდ ოთხჯერ აქვს ტურიზმი ნახსენები, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ინტერესი ტურიზმის სფერო საერთოდ არ არის.
- რას შეცვლიდა ის, რომ მაგალითად ათჯერ ეხსენებინა?
- თუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესის სფერო ტურიზმი არ არის, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ინტერესის სფეროც არ არის ტურიზმი. სწორედ ამიტომ, ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრს თუ ავიღებთ და ნორმალური მეთოდოლოგიით შევადარებთ და არა უცნაური რაღაცნაირი სელექციური მეთოდოლოგიით, რომელიც 2030-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს, დავინახავთ, რომ ჩვენ ყოველწლიური მატება 2012 წლამდე 30 პროცენტი, 40 პროცენტი და 57 პროცენტი გვქონდა. მთავრობამ მოახერხა იმდენი, რომ 57 პროცენტიანი ზრდა ჯერ 12 პროცენტზე ჩამოიყვანა და ბოლოს 2015 წელს 7 პროცენტიანი მაჩვენებელი გვქონდა. რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ იტრაბახებს, რომ 7 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი რაღაცას ნიშნავს და აქედან გამომდინარე მანიპულირება ერთეული მონაცემების და რაღაც ვიწრო ფოკუსირების გაკეთება უწევს.
- მაგრამ ბოლო დროს ვაკვირდებით გააქტიურებას ტურიზმის მიმართულებით, რაღაც პროექტები, რომლებიც ყოველ შემთხვევაში ისმის?
- მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისინი ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ. როდესაც ჩვენ წელიწადში 5,9 მილიონ, დაახლოებით 6 მილიონ ვიზიტორზე ვსაუბრობთ და ყოველწლიური მატება დაახლოებით 20 პროცენტი გვინდა ან 30 პროცენტი, ეს კარგი მაჩვენებელია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მაჩვენებელი 7 პროცენტზე ჩამოდის, ჩვენ ასეთი ტემპებით ნორმალურ ევროპულ ქვეყანას 20-30 წლის განმავლობაში ვერ დავეწევით. თვალსაჩინოება ერთია. როდესაც ჩვენ ქუჩაში ბევრ ტურისტს ვხედავთ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ციფრები აბსოლუტურად სხვაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც სახელმწიფო გადასახადის გადამხდელის, ანუ ჩვენს ფულს იღებს და 6 მილიონიდან 30 მილიონამდე ზრდის, ანუ ტურიზმის ბიუჯეტს ხუთჯერ ზრდის, ამავე დროს, თვითონ ტურიზმის ზრდაში მხოლდ უმნიშვნელო მაჩვენებელს ვხედავთ, ეს არის 7 პროცენტი, ეს, რა თქმა უნდა, არა რელევანტურია. აქედან გამომდინარე, ან სახელმწიფო იქცევა არა ეფექტურად, ან უბრალოდ ეს წყალში გადაყრილი ფულია. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო რომელიმე ეფექტურ ნაბიჯზე გააკეთებდა აქცენტებს, უპირველესად ადეკვატური განცხადებები უნდა გაეკეთებინა იუსტიციის მინისტრს, რომელმაც ძალიან დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო ირანთან და ჩინეთთან მიმართებაში. სამწუხარო ის არის, რომ რეალურად რაც ხდება ტურიზმის ინდუსტრიაში სახელმწიფოს მხრიდან არის ის, რომ სახელმწიფო უამრავ ფულს ყრის. ყოველგვარი უტრირების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ პირდაპირ ტურიზმის ადმინისტრაციიდან იჭმევა, ანუ სხვადასხვა კომპანიებზე ნაწილდება, რომელსაც არანაირი დეტალური ანგარიში არ მოყვება. ერთი წელია უკვე ვითხოვთ ეკონომიკის სამინისტრომ დეტალური გადაანგარიშება, ანუ დეტალური ანგარიში წარმოადგინოს საიდან შემოვიდა 1,9 მილიარდი დოლარი და როგორ გადანაწილდა, ამას სამწუხაროდ ვერ ვგებულობთ.

























