ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ ხვალ შეიძლება გადასწვდნენ ბაჩიაშვილის შორეულ ნათესავსაც, მეზობელსაც და ა.შ. - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ივა ჭყონიამ გადაცემა „ანალიტიკაში“ „ბაჩიაშვილით ინსპირირებულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ხომ ნორმალურ წყობაზე და სახელმწიფოზე არ ვსაუბრობთ. კონკრეტულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ეს სახელმწიფო არის მისი და რა კანონსაც უნდათ, მიიღებენ. სრული განუკითხაობაა. ასეთი კანონი ალბათ რუსეთშიც არ იქნება“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
ცნობისთვის, "ბაჩიაშვილით ინსპირირებული" საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ინიციატივა ითვალისწინებს პირის ახლო ნათესავების ქონების დაყადაღებას და აღსრულებაში მიმართვას გამარტივებული პროცედურებით. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ პირს შორის მორიგების შესაძლებლობასაც, რაც მიყენებული ზიანის სხვა მოცულობით კომპენსირებას გულისხმობს.
ივა ჭყონიას თქმით, დავა საზღვარგარეთაც რომ გაიტანო და მოიგო, აზრი არ აქვს, ვინაიდან მას ქვეყნის შიგნით არავინ აღასრულებს. ივა ჭყონიამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საჯარო მოხელეები იძულებული არიან დაეთანხმონ რეჟიმს და შეასრულონ დავალებები.
„ქართული ოცნების პირობებში მყოფი სახელმწიფო მოხელეებისთვის - არ მაქვს საუბარი მაღალი რანგის მოხელეებზე - მტკივნეულია და განგაშის სიგნალია ის, რაც ხდება, მათგან ხომ ნებისმიერს შეიძლება პასუხი მოსთხოვონ. მოსამართლეები, რომლებიც სხედან და უკანონობას ამართლებენ, ამდენ გამწარებულ ადამიანს, დედას, პატიმარს ხედავენ, რომლებსაც მშობლები გარეთ ნერვიულობისგან უკვდებათ, ისინი ვერ აცნობიერებენ ამას? ისინი უბრალოდ აფექტურ შოკურ მდგომარეობაში არიან. მათ ალბათ სხვა გამოსავალიც არ აქვთ.
ვიღაცას კორუფციაზე ხელი თუ წაუცდა, მათი კომპრომატები მმართველ გუნდში უდევთ, დაშინებული ჰყავთ და ნებისმიერ გადაწყვეტილებას აღებინებენ ფინანსური კეთილდღეობისთვის თუ სხვა“, - განაცხადა ჭყონიამ და დასძინა, რომ შესაბამისად აღარ ღირს ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რა ახალ კანონს მიიღებენ და რომელს დაამძიმებენ.

























