საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყულევის ტერიტორიაზე გახსნილი ახალი ნავთობგადამმუშავებელი საწარმო ქვეყანაში ახალი ინდუსტრიის ჩამოყალიბების საშუალებას აჩენს. ამის შესახებ დავითაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში, საწარმოს პროექტის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
"ეს პროექტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მსხვილი ინვესტიცია ბევრი არ განხორციელებულა და ამ პროექტის მასშტაბურობა, რა თქმა უნდა, გამორჩეულია. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ნათელი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მაღალ დონეზე კოორდინაციის, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ქვეყანაში ახალი ინდუსტრია ჩამოვაყალიბოთ. ნავთობგადამმუშავებელი საწარმო, რომელიც ყულევის ტერიტორიაზე იქმნება, არის სრული ციკლის პირველი ნავთობგადამმუშავებელი ასეთი ტიპის საწარმო, რომელიც რეგიონშიც უნიკალურია, არა მხოლოდ საქართველოში", - განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს კომერციულად წარმატებული ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს ოპერირებისთვის გეოგრაფიული უპირატესობაც აქვს, ყულევის პროექტის მსგავსი კი, შესაძლოა, მხოლოდ საუკუნეში ერთი განხორციელდეს.
"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება შეძლოს. საუბარია იმ გეოგრაფიულ უპირატესობაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია და სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი, კომერციულად წარმატებული ნავთობგადამმუშავებელი საწარმო შეიქმნას.
ასეთი მასშტაბის საწარმო შესაძლოა საუკუნეში ერთი იქმნებოდეს და როდესაც საუბარია საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე, როცა საუბარია ქვეყანაში ახალი საწარმოების შექმნაზე, ასეთი ტიპის საწარმოები ერთეულები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს საწარმო არის ახალი დარგის განვითარების საფუძველი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, საწარმოს განვითარების პირველ ფაზაში ის 1 მლნ ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტის გადამუშავებას შეძლებს, საბოლოო ეტაპზე კი საწარმო ადგილობრივ მოხმარებას სრულად დააკმაყოფილებს, თუმცა დავითაშვილს პროექტის განხორციელების ვადები არ დაუკონკრეტებია.