მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთი ზრდისთვის სრულად მზად არც ვიყავით" - საცხენოსნო ტურების ონლაინპლატფორმა Horsetours.ge ტენდენციებზე

Horsetours.ge

ქართული საცხენოსნო ტურების ონლაინპლატფორმა Horsetours.ge-ზე წელს მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. კომპანიის თანადამფუძნებელმა ანა ნადირაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზრდის მასშტაბმა მოლოდინს გადააჭარბა და კომპანიას ოპერაციული რესურსების სწრაფად გაზრდაც დასჭირდა.

„ძალიან დიდი ბუმი გვქონდა და არ ვიცი, ეს რასთან არის დაკავშირებული. ჰამასის ომს, წესით, შემოსული მომხმარებლების რაოდენობა უნდა შეემცირებინა, თუმცა პირიქით მოხდა - ძალიან დიდი ზრდა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ზრდისთვის სრულად მზად არც ვიყავით, მათ შორის თანამშრომლების კუთხითაც“, - ამბობს ანა ნადირაძე.

მისი თქმით, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა მრავალდღიან საცხენოსნო ტურებზე, რაც წინა წლებში ნაკლებად აქტუალური იყო. კომპანიის დაკვირვებით, ამ ტიპის ტურებს ძირითადად ევროპელი და ამერიკელი მოგზაურები ირჩევენ, სწორედ ამ ბაზრებიდან კი მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„შედარებით შემცირდა მოთხოვნა ერთდღიან და საათობრივ ტურებთან მიმართებით, თუმცა ზრდა აქაც გვაქვს. უბრალოდ, იმ მოლოდინთან შედარებით, რაც გვქონდა, ნაკლებია გარკვეული ბაზრებიდან, მაგალითად, არაბი და ებრაელი ტურისტების მიმართულებით. ევროპული და ამერიკული ბაზრები კი საკმაოდ გაიზარდა“, - აღნიშნავს Horsetours.ge-ს თანადამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდა თუშეთის, პანკისის, ბორჯომისა და სვანეთის საცხენოსნო ტურები. კომპანიის შეფასებით, ტურების ფასები წელს დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად გიდების, ტრანსპორტირებისა და სასტუმროების მომსახურების გაძვირებას უკავშირდება.

„ფასები თითქმის ყველა ტურზე დაკორექტირდა. თუმცა, რომ ვთქვათ, მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასე არ არის - დაახლოებით 10-15%-იან ცვლილებაზეა საუბარი. ძირითადად ეს შეეხო მრავალდღიან ტურებს და ზოგიერთ შემთხვევაში ერთდღიან ტურებსაც, საათობრივ ტურებზე კი ფასი დიდად არ შეცვლილა“, - ამბობს ანა ნადირაძე.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პლატფორმაზე საერთაშორისო ბაზრიდან დაინტერესებაც გაიზარდა და სხვადასხვა ქვეყნის გიდები თავად უკავშირდებიან კომპანიას თანამშრომლობის სურვილით.

"საერთაშორისო ბაზარი იმაზე მეტად განვითარდა, ვიდრე ველოდით. ბევრი თავად გვწერს და გვთხოვს პლატფორმაზე დამატებას. ამ ეტაპზე უკვე გვაქვს ეგვიპტის, სლოვენიის, იორდანიის, მონღოლეთის, მაროკოს, თურქეთის, იტალიის, ინდოეთის, პატაგონიისა და ჩილეს ტურები. ასევე, გზაშია მონღოლეთის სხვა გიდების ტურების დამატება", - აცხადებს ის.

ანა ნადირაძის თქმით, მომავალ ეტაპზე კომპანიის მთავარი მიზანი არა მხოლოდ ახალი ქვეყნების დამატება, არამედ უკვე არსებულ ბაზრებზე პარტნიორების რაოდენობის გაზრდაა.

„როგორც საქართველოში გვაქვს 100-ზე მეტი საცხენოსნო ტური და ბაზარი ძალიან კარგად არის განვითარებული, გვინდა, იგივე სხვა ქვეყნებშიც მივაღწიოთ - დავამატოთ მეტი გიდი და მეტი ხარისხიანი პროდუქტი. ახლა უფრო მეტად ორიენტირებული ვართ, რომ მიმდინარე სეზონი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, თუმცა პარალელურად ახალ მიმართულებებზეც ვმუშაობთ“, - ამბობს Horsetours.ge-ს თანადამფუძნებელი.

Horsetours.ge 2021 წელს დამფუძნებლების ნულოვანი ინვესტიციით შეიქმნა. მოგვიანებით, GITA-ს 30 000-ლარიანი გრანტით კომპანიამ აღმოსავლეთ საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალი გააციფრულა, შექმნა ციფრული ვიდეო მარშრუტები და სარეკლამო რგოლები. მოგვიანებით სტარტაპის თანადამფუძნებელი She’s Next, Empowered by Visa-ს 25 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული გახდა, რამაც კომპანიას განვითარებისა და დასავლეთ საქართველოს ათვისების რესურსები მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები