მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ასეულობით მილიონი არაფრის შექმნაში გადაიყარა - სურგულაძე სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამაზე

ვატო სურგულაძე

ასეულობით მილიონი არაფრის შექმნაში გადაიყარა - ასე აფასებს ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი ვატო სურგულაძე სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამას.

საქმე ის არის, რომ 2026 წლიდან სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება. სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, მესამე ვარიანტში აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 21 მლნ 613 000 ლარამდეა შემცირებული, მაშინ როდესაც მეორე ვარიანტში 113 მლნ 300 000 ლარი იყო განსაზღვრული, ხოლო წლევანდელ ბიუჯეტში „სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის“ დაფინანსება 112 მლნ 805 ათასი ლარი იყო.

სურგულაძის თქმით, პროგრამის ეფექტიანობა ძალიან დაბალი იყო და მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

„დასაწყისიდანვე ეს პროგრამა ატარებდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს. 300 ლარს აძლევდნენ ადამიანებს არაფრის კეთებაში. ანუ ადამიანები არ ქმნიდნენ არანაირ პროდუქტს.

პროგრამის ეფექტიანობა ძალიან დაბალი იყო, ვერ მივიღეთ ვერც დასაქმება ადამიანების, ვერც მათი უნარ-ჩვევების ან ახალი ცოდნის მიღება. უბრალოდ ხდებოდა 300 ლარის მიცემა და არჩევნების დროს დაშინება — არ მომცემ ხმას, ეს 300 ლარი წაგერთმევა. მერწმუნეთ, რომ რეგიონებში, სადაც ძალიან ხშირად დავდივარ, 300 ლარი ადამიანისთვის სოფლად მცხოვრებისთვის ძალიან დიდი თანხაა, რომლის დაკარგვაც, რა თქმა უნდა, არავის სურს“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

BMG-ის ჯანდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს, რომ „სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა“ არსებული ფორმით არ გაგრძელდება, მაგრამ როგორ სახეს მიიღებს, ჯერჯერობით, უცნობია.

2025 წელს სოცდაუცველების დასაქმების 300-ლარიანი პროგრამის ბიუჯეტი 112.8 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - 109 მლნ ლარი, 2023 წელს - 107,3 მლნ, 2022 წელს კი 48.1 მლნ იყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში, სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული. ამ დროისთვის, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 700 000 ადამიანს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები