მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აშკარაა, ივანიშვილს მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილმა მეტი ჯილდო გამოიწერა თავისთვის, ვიდრე ეკუთვნოდა“ - ფინანსისტი

64a6aa645215f
გიგა ბენია
06.07.23 16:55
1525
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო. პროკურატურის განცხადებაში ის გ.ბ.-ს სახელით არის მოხსენიებული, რომელიც სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია. BMG პროკურატურასაც დაუკავშირდა, იმის გასარკვევად, ვინაა ინვესტორი და ვინ შეიტანა საჩივარი, მაგრამ მეტს ჯერჯერობით არც იქ ამბობენ. პროკურატურის განცხადებაში საუბარია მითვისებულ 8 253 ბიტკოინზე, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში იყო 39 მილიონი დოლარი. (დღევანდელი კურსით ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს).

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ფაქტს bm.ge-სთან აფასებს. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ინვესტორი ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც მიაჩნია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მეტი ჯილდო გამოიწერა თავისთვის, ვიდრე მას ეკუთვნოდა.

“მართლაც არ ვიცით, რა არის რეალური სიტუაცია. აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი ედავება ბაჩიაშვილს კონკრეტულ თანხას და მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილმა მეტი ჯილდო გამოიწერა თავისთვის, ვიდრე ეკუთვნოდა, ხოლო ივანიშვილს არ მისცა ის უკუგება, რაც მას მიაჩნია, რომ ეკუთვნოდა. იგივე მოხდა Credit Suisse-ის შემთხვევაშიც, როდესაც ივანიშვილს თანხა მოპარეს და როგორც ჩანს, ის ამ საქმეში მართალია. არ არის გამორიცხული, ახლაც იგივე ხდებოდეს. ივანიშვილს, როგორც ჩანს, ახასიათებს, რომ მოძრაობს და კვალში რჩება თავისი ბიზნესპარტნიორები, რომლებიც თანხას პარავენ”, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

BMG-თან საუბარში ფინანსისტი აღნიშნავს, რომ ქართული სასამართლოს პირობებში სიმართლის დადგენა რთული იქნება. ის დასძენს, რომ პროკურატურის დღევანდელი განცხადება სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთი მაგალითია.

„ვინ არის მართალი, არ ვიცით. თუ ეს ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს, ამ შემთხვევაში დამატებითი პრობლემა გვაქვს, რადგან კარგად ვიცით, როცა ივანიშვილია ერთ მხარეს, [მეორე მხარე] არ უნდა ელოდოს, რომ პროცესი ობიექტურ გადაწყვეტილებამდე მივა.

საერთოდაც, პრობლემა აქ სხვა რამეშია. ეს არის, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მიტაცების კიდევე ერთი გამოვლინება. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა დიდ დროს ხარჯავდა და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჰქონდა ამ საქმისთვის მინიჭებული, რადგან ივანიშვილმა უთხრა, აბა, ერთი გამოიძიეთ საქმეო. მე და თქვენ რომ “გადავეგდეთ” ბაჩიაშვილს, დარწმუნებული ვარ, გაგვიჭირდებოდა სამართლიანობის დადგენა. პროკურატურა, ფაქტობრივად, ივანიშვილის პირად საქმეებზე მუშაობს”, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

BMG-ის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ფაქტმა თანაინვესტირების ფონდის რეპუტაცია შელახოს, ბედინეიშვილი აცხადებს:

“რა რეპუტაცია ჰქონდა თანაინვესტირების ფონდს? მას ყოველთვის ნული რეპუტაცია ჰქონდა. თანაინვესტირების ფონდი სახელიდან ტყუილია. არავის თანაინვესტირება ამ ფონდში არ გაუკეთებია. ეს იყო თავიდან ბოლომდე ივანიშვილის ფული. ერთ დიდ ტყუილზე დგას ფონდი, ისევე როგორც დიდ ტყუილზე დგას ივანიშვილის ხელით შექმნილი ბევრი რამ”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები