მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აშკარაა, რომ ბოლო პერიოდის საგადასახადო ცვლილებების მიზეზი ბიუჯეტში თანხების მობილიზებაა" - დავით პაპიაშვილი

პაპიაშვილი

2026 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგადასახადო ცვლილებად, Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდას ასახელებს. როგორც ის "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს, ფასის ზრდა უფრო იმპორტირებულ და დაბალფასიან თამბაქოს შეეხება.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება აქციზს თამბაქოზე. მოგეხსენებათ, რომ თამბაქოს პროდუქცია, სიგარეტი იბეგრება როგორც აქციზით, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადით. აქციზი კი შედგება ორი ნაწილისგან: მოჭრილი, ფიქსირებული თანხა, ₾1.90, და საბაზრო ფასის 30%. 2026 წლიდან იგეგმება ცვლილებები ორივე ნაწილში. ერთი მხრივ იმპორტირებული სიგარეტისთვის მოჭრილი განაკვეთი იზრდება ₾2.75-მდე, ანუ ფაქტობრივად 85 თეთრით, რაც მიანიშნებს იმას, რომ ფასი უნდა გაიზარდოს აქციზურ საქონელზე. თუმცა, მოჭრილი განაკვეთი ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის პირიქით მცირდება ₾1.30-მდე.

ანუ 35 მილიონ კოლოფზე მეტი რეალიზაცია თუ არ ექნება ადგილობრივ მწარმოებელს, მას პირიქით შეუმცირდება მოჭრილი განაკვეთი. ფასის ზრდა ძირითადად შეეხება იმპორტირებულ და დაბალფასიან სიგარეტს. ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებული არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა თუმცა, ალბათ, ბიუჯეტში თანხის მობილიზებაზე ეს მაინც დადებით გავლენას მოახდენს", - ამბობს დავით პაპიაშვილი.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად აჩენს 2026 წელს დაგეგმილი ცვლილებები, ფისკალური მოწესრიგების გარდა, დამატებითი თანხების მობილიზების მცდელობის შთაბეჭდილებას, დავით პაპიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს აშკარაა.

"აშკარაა, რომ ბოლო პერიოდის საგადასახადო ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბიუჯეტში თანხების მობილიზებაა. აქციზის განაკვეთის ზრდაც ამაზე მეტყველებს და კიდე ძალიან ბევრი ცვლილებაა კოდექსში, ძირითადად გადასახადის ნაწილში, იმიტომ რომ სხვა გადასახადების განაკვეთები არ იზრდება. ძირითადად დაწოლა ხდება ხოლმე აქციზზე, როცა თანხის მობილიზების პრობლემა ამა თუ იმ ფორმით იჩენს თავს სახელმწიფო ბიუჯეტში. და ეს ჩვენ ვნახეთ, რომ პირველი სამი კვარტალის შედეგებით არსებობდა პრობლემები და ალბათ ესეც ამის გამოძახილია", - ამბობს პაპიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები