მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ, ავსტრია, გერმანია, ლიხტენშტეინი - George Grey Winery-მ ღვინის საექსპორტო ბაზრები გააფართოვა

623da26fbec21
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.22 00:10
2034
ღვინის მცირე საწარმო George Grey Winery-მ საექსპორტო ბაზრები გააფართოვა. შედეგად მეღვინეობას დღეისთვის ხუთი დასახელების ღვინო შვიდ ქვეყანაში გააქვს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ 2022 წელს კომპანიამ ღვინო ახალი მიმართულებებით ავსტრიაში, გერმანიაში, ლიხტენშტეინსა და აშშ-ში გაიტანა.

„ჩვენ მიმდინარე და გასული კვირის განმავლობაში ღვინის პირველი პარტიები ოთხი ქვეყნის მიმართულებით გავაგზავნეთ. შედეგად დღეისთვის George Grey Winery-ს ღვინის ექსპორტი იაპონიაში, ჰონკონგში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ლიხტენშტეინსა და აშშ-ში ხორციელდება“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

George Grey Winery 2022 წელს ჯამში ექსპორტზე 30 000 ბოთლი ღვინის გატანას გეგმავს. მეღვინეობის მიერ წარმოებული რვა დასახელების ღვინიდან საზღვარგარეთ, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთი დასახელების ღვინო - ლურჯი, ქვევრის რქაწითელი, ქვევრის ქისი, საფერავი და ქინძმარაული გადის. გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ კომპანია ბოლო ერთი კვირაში ჩამოსხმულ „კესანე მწვანეს“, კახურ მწვანეს და „გრეისეულს“ 2022 წლის ბოლომდე ექსპორტზეც გაიტანს.

„ამ ეტაპისთვის აღნიშნული მიმართულებით 12 000 ბოთლი ღვინო გაიგზავნა. უცხოურ ბაზარზე George Grey Winery ღვინოები პრემიუმ ხაზის კატეგორიაში გადის და მისი ღირებულება 40-დან 80 დოლარამდეა“, - ამბობს ღვინის მწარმოებელი.

მისივე ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ღვინის ექსპორტის ნაწილში კომპანიას პრობლემები არ შექმნია, თუმცა გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე შემცირდა.

„რუსეთ-უკრაინის ომი ქვეყნის შიდა გაყიდვებზე აისახა და გაყიდვები შემცირდა, რადგან მომხმარებელი თავს იკავებს ისეთი პროდუქტების შეძენისგან, რომელიც პირველადი მოხმარების არ არის“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

George Grey Winery წლიურად 50 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, საიდანაც 70% ექსპორტზეა მიმართული. მომხმარებელს ადგილობრივ ბაზარზე George Grey Winery-ს ღვინის შეძენა „8 000 მოსავალში“, „ღვინის ბირჟაზე“, „ქარვასლაში“, „ალკორიუმის“ ქსელში, "ბაზარი ორბელიანზე" ტურისტულ ნაწილში შეუძლია. მისი დაგემოვნება კი ღვინის ბარ „ვინისიმოსა და „სასმურში“, ასევე რესტორნებში „სოფიკოში“, „დეკანტერში“, „მარგალიტაში“ და „ფუდ ენდ მარკეტშია“ შესაძლებელი. პრემიუმ ხაზის 1 ბოთლი ღვინის ღირებულება 40-დან 60 ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები