მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ

თეთრი სახლი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე 100%-ით მზადაა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიმცემი დოკუმენტი და ამჟამად მოლაპარაკებები მასზე ხელმოწერის თარიღსა და ადგილზე მიმდინარეობს. როგორც ვილნიუსში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ მედიას განუცხადა, ის დოკუმენტი, რომლის ბოლო დეტალებიც გასული წლის ბოლოს, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეთანხმდა, უკრაინას აშშ-საგან გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. როგორც ქვეყნის ლიდერმა თქვა, პრეზიდენტების მიერ ხელმოწერის გაფორმების შემდეგ დოკუმენტი დასამტკიცებლად, ერთი მხრივ, უკრაინის პარლამენტს, მეორე მხრივ კი, შტატების კონგრესს გადაეცემა. რატიფიცირების შემდეგ ის ძალაში სრულად შევა.

მედიასთან საუბრისას ზელენსკიმ აბუ-დაბიში ჩატარებულ პირველ სამმხრივ მოლაპარაკებებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ პროცესმა კონსტრუქციულად ჩაიარა და შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. უკრაინის ლიდერმა დაადასტურა, რომ დიპლომატიურ პროცესში მთავარ გამოწვევად კვლავ ტერიტორიული საკითხი რჩება, რადგან არც ოფიციალური კიევი და არც კრემლი დონბასის საკითხზე უკან დახევას არ აპირებენ. აბუ-დაბის სამმხრივი შეხვედრების მთავარ მიღწევად ზელენსკიმ მიიჩნია ის, რომ შეუთანხმებელი საკითხების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, თუმცა გამოთქვა ვარაუდი, რომ დიპლომატიური პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები