"აშშ-ში დოკერების [ნავსადგურის თანამშრომლების] გაფიცვამ საქართველოში მანქანების გამოგზავნა შეაფერხა", - ამის შესახებ BMG-სთან ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ავტომობილების თვითღირებულებაც გაიზარდოს.
"სიტუაციის გამოსწორებას, სავარაუდოდ, 1 თვე დასჭირდება, ესეც საუკეთესო შემთხვევაში. შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, ავტომობილის ღირებულებას გაზრდის. გამიჭირდება იმის თქმა, ფასი რამდენით მოიმატებს.პროდუქციის დიდი მასა ამ პორტებში დაგროვდა", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
1-ელ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურის საზღვაო პორტების თანამშრომლები გაფიცვას იწყებდნენ. მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა იყო. დაიხურა 36 პორტი. 1977 წლის შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური გაფიცვა იყო, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამ დღეში მოაგვარა. მედიის ინფორმაციით, ქვეყანა მხოლოდ ერთი დღის გაფიცვით 5 მილიარდ დოლარს კარგავდა.