ამერიკის შეერთებული შტატები გერმანული Deutsche Bank-სგან რეკორდული 14 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდას ითხოვს. აშშ უმსხვილეს გერმანულ ბანკს თანხას 2008 წლის იპოთეკურ კრიზისში მისი უარყოფითი როლის კომპენსირებისთვის სთხოვს. თუ ბანკი ამ თანხას გადაიხდის, აშშ აცხადებს, რომ გამოძიება, რომელიც მის წინააღმდეგ ამ საქმეზე მიმდინარეობს, დაიხურება.
როგორც უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, თავის დროზე Deutsche Bank-ის მიერ იპოთეკური ფასიანი ქაღალდების გაყიდვამ 2008 წლის კრიზისზე მნიშვნელოვანი უარყოფით როლი ითამაშა.
თუ ბანკმა 14 მილიარდი ევრო გადაიხადა, ეს იქნება ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც აშშ-ის მთავრობას უცხოური ბანკისგან მიუღია.
გერმანულმა ბანკმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელ სამართალდამცავებთან პრეტენზიების მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს და აშშ-ის მხარემ ჯარიმის განმსაზღვრელად 14 მილიარდი აშშ დოლარი დაასახელა.
თუმცა, Deutsche Bank-მა უკვე განაცხადა, რომ ამ ოდენობის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მოლაპარაკებები ახლახანს დაიწყო, ამიტომ ბანკში იმედოვნებენ, რომ ჯარიმის ოდენობა შემცირდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში Deutsche Bank-მა ბაზრის კაპიტალიზაციის ნახევარი დაკარგა, მას შემდეგ რაც გასული წლის შედეგებით 6,8 მილიარდი ევრო დაკარგა და უახლოესი ორი წლის განმავლობაში დივიდენდების გადახდაზე უარი განაცხადა.

























