მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

გაერო რეზოლუცია

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ გაეროსთვის 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს. Reuters-ის თანახმად, თანხის გამოყოფა გაეროს მიმდინარე წლის ბიუჯეტისთვის არის გათვალისწინებული.

აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანხის გადახდა გაეროს მიერ საკუთარი სტრუქტურის რეფორმების გაგრძელებაზე იქნება დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ 21 აგვისტოს მდგომარეობით, ვაშინგტონს თანხა ჯერ არ გადაურიცხავს.

კონგრესისთვის გაგზავნილი შეტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 აგვისტოს მოამზადა. დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია მანამდე საჯაროდ არ გავრცელებულა. თანხის შესაძლო გამოყოფა წინ უსწრებს ტრამპის მოსალოდნელ გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც სექტემბერში ნიუ-იორკში გაიმართება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ორგანიზაციას წევრი ქვეყნების მიერ გადასახდელების დაგვიანების გამო „მყისიერი ფინანსური კოლაფსის“ საფრთხე ემუქრებოდა. ფინანსური პრობლემების ფონზე გაერომ ხარჯების შემცირების ღონისძიებები გაატარა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაერომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორისაა ბიუჯეტის შემცირება, რომელმაც, უწყების შეფასებით, თითქმის 1 მილიარდი დოლარის ეკონომია გამოიწვია.

გაეროს მიერ მაისში გამოქვეყნებული მონაცემებით, აშშ-ს ორგანიზაციისთვის 4 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა გადასახდელი. ამ თანხიდან დაახლოებით 2.04 მილიარდი დოლარი გაეროს რეგულარულ ბიუჯეტზე მოდიოდა, 2.2 მილიარდი დოლარი - მიმდინარე და წინა სამშვიდობო მისიებზე, ხოლო დაახლოებით 44 მილიონი დოლარი - გაეროს ტრიბუნალებზე.

725 მილიონი დოლარი დავალიანების მხოლოდ ნაწილია

თუ აშშ 725 მილიონ დოლარს გადაიხდის, ეს გაეროს მიერ მაისში დასახელებული 4 მილიარდ დოლარზე მეტი დავალიანების 20%-ზე ნაკლები იქნება.

გაეროს წესდების მე-19 მუხლის მიხედვით, წევრ ქვეყანას გენერალურ ასამბლეაში ხმის უფლება შეიძლება შეუჩერდეს, თუ მისი დავალიანება ორი წლის განმავლობაში გადასახდელ სავალდებულო შენატანებს აღემატება.

გაეროს ფინანსების ექსპერტის, გერმანული IDOS-ის წარმომადგენელ რონი პატცის შეფასებით, მნიშვნელოვანი თანხის გადახდა ორგანიზაციას წლის ბოლომდე ხარჯების მკვეთრი შემცირების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

„თუ ისინი დიდ ნაწილს გადაიხდიან, გაერო კვლავ ნულოვანი რეზერვებით იმუშავებს, თუმცა წლის ბოლომდე გასვლას შეძლებს“, — განაცხადა პატცმა.

აშშ გაეროს ყველაზე დიდი კონტრიბუტორია

აშშ გაეროს ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა ორგანიზაციის რეგულარულ და სამშვიდობო ბიუჯეტებში სავალდებულო შენატანების სრულად გადახდაზე და მნიშვნელოვნად შეამცირა გაეროს ცალკეული სააგენტოებისთვის ნებაყოფლობითი დაფინანსებაც.

გაეროს მონაცემებით, ორგანიზაციის 193 წევრი ქვეყნიდან 18 აგვისტოს მდგომარეობით დაახლოებით 129 ქვეყანას წლევანდელი შენატანები სრულად ჰქონდა გადახდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები