აშშ-ი და ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან არიან შეკრებილები, - ამ სათაურით სტატიას France 24-ი აქვეყნებს. როგორც ფრანგული გამოცემა წერს, საქართველოს მმართველმა პარტიამ საარჩევნო რეფორმის პირობა დაარღვია. ამის გასაპროტესტებლად გამართული დემონსტრაცია კი პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა.
თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება სხვა მსოფლიო გამოცემებიც. მათ შორის „ევრონიუსი“ და „როიტერსიც“, რომლებიც ასევე აშუქებენ რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ აქციის დაშლას.
„ადგილზე ასობით პოლიციელი განალაგეს, რომლებმაც დემონსტრანტებს 30 წუთი მისცეს დასაშლელად, შემდეგ კი წყლის ჭავლი გამოიყენეს“, - წერს „ევრონიუსი“.
„პირდაპირ ეთერში ჩანდა თუ როგორ მიუშვირეს წყლის ჭავლი დემონსტრანტების დიდ ჯგუფებს“, - ამის შესახებ კი „ამერიკის ხმა“ იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ უცხოური გამოცემების ცნობით, საპროტესტო აქციებს დაახლოებით 20 000 ადამიანი ესწრებოდა.