აშშ-ისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა შუამავლების მეშვეობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მიზნით არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს.
CNBC-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ნიუ-იორკში კატარელ შუამავლებთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ ვაშინგტონისგან საპასუხო პოზიციას სამშაბათს ელოდება. შეხვედრაზე მხარეებმა ირანის მიერ წარდგენილი პირობების შესრულების გზები განიხილეს. არაღჩის განმარტებით, პასუხის მიღების შემდეგ ის თეირანში დაბრუნდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თეირანის გეგმა გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვას, ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნასა და საზღვაო ბლოკადის დასრულებას ითვალისწინებს. ამასთან, ირანული მხარე ჰორმუზის სრუტის გახსნას სწორედ აღნიშნული პირობების შესრულებას უკავშირებს.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნულ წინადადებას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმების სწრაფად მიღწევა ეკონომიკური ზეწოლის გამო სურს. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკულმა მხარემ შუამავლებთან ცალკე შეხვედრები გამართა.
ამასთან, ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ირანი "ვერაფერს ვერ მიიღებს", რაც სწორედ გაყინული ფინანსური აქტივების უკან დაბრუნების საკითხს უკავშირდება.
























