მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის "ბოლო გაფრთხილება" ჰამასს - რას განიხილავენ მხარეები?

ჰამასი

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები ისლამისტურ დაჯგუფებმა ჰამასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან ეს აშშ-ის ინტერესებში შედის.

Aljazeera-ს ინფორმაციით, აშშ-ჰამასის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, თუმცა მარტის თვიდან გამოაშკარავდა. შესაბამისად, ეს ათეულობით წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც შტატები პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰამასთან, რაც შტატების პოლიტიკიდან მნიშვნელოვანი გადახვევაა. 1997 წლიდან აშშ-ში უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან პირდაპირი კავშირი აკრძალულია. მანამდე აშშ შუამავლად კატარსა და ეგვიპტეს იყენებდა.

მოლაპარაკებები ტყვეების, კერძოდ კი 21 წლის ისრაელელ-ამერიკელი ედან ალექსანდერის გათავისუფლებას უნდა ეხებოდეს, რომელიც, სავარაუდოდ, ერთადერთი ამერიკელია, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ კვლავ ჰამასის ტყვეობაში რჩება.

მედიაში აშშ-ჰამასის მოლაპარაკებებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ზე ჰამასისთვის გაფრთხილება გამოაქვეყნა და ორგანიზაციას ტყვეების გათავისუფლებისკენ მოწუოდა.

"გაათავისუფლეთ ყველა ტყვე ახლავე და არა მოგვიანებით და დაუყოვნებლივ დააბრუნეთ თქვენ მიერ მოკლული ადამიანების ცხედრები, თუ არადა თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია. ჰამასის არც ერთი წევრი არ იქნება უსაფრთხოდ, თუ ისე არ მოიქცევით, როგორც მე ვიტყვი. ეს თქვენი ბოლო გაფრთხილებაა!

...ღაზას მოსახლეობავ: მშვენიერი მომავალი გელით, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ ტყვეებს დაიტოვებთ. ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღეთ", - დაწერა დონალდ ტრამპმა.

საპასუხოდ ჰამასმა განაცხადა, რომ ტყვეებს არ გაათავისუფლებს, ვიდრე ღაზას სექტორში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის შეთანხმებას არ მიაღწევენ. დაჯგუფების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუკეთესო გზა ტყვეების გასათავისუფლებლად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზაზე მოლაპარაკებების დაწყებაა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, პირველი ფაზა, რომელიც 42 დღეს გრძელდებოდა, გასულ შაბათს დასრულდა. მეორე ფაზა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისიდან უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მოლაპარაკებები ჭიანურდება.

ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასს 59 ტყვე ჰყავს გასათავისუფლებელი, ომის მიმდინარეობისას კი დაჯგუფებამ სულ 250 მძევალი აიყვანა. 1900 პალესტინელი ტყვის სანაცვლოდ, ჰამასმა 25 ცოცხალი ტყვე თებერვალში გაათავისუფლა.

მიუხედავად აშშ-სა და არაბული ქვეყნების ჩართულობისა, ისრაელ-ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მომავალი ბუნდოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები