ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კანადის მიერ დამოუკიდებლობის დათმობაზე საუბარს აგრძელებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადისთვის გამოყოფილ სუბსიდიებზე აშშ-ის ხელისუფლება მილიარდობით დოლარს ხარჯავს, რაც მისთვის გაუგებარია.
“ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც კანადას აქვს — ჩვენ უსასრულო ენერგია გვაქვს, საკუთარ ავტომობილებს ვაწარმოებთ და იმაზე მეტი ხე-ტყე გვაქვს, რაც გვჭირდება", — ამბობს პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის დახმარების გარეშე კანადა ღირებული ქვეყანა ვეღარ იქნება, ანუ ის აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და თუ ეს მოხდება, ტარიფები მოიხსნება, გადასახადები შემცირდება, ხოლო თავად ქვეყანა მეტად დაცული იქნება.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანადის, მექსიკის და ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები აამოქმედა. კანადის და მექსიკის შემთხვევაში, ტარიფი 25%-ით განისაზღვრა, მაგრამ კანადური წარმოშობის ენერგეტიკული რესურსი 10%-ით დაიბეგრება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ სერვისზე და პროდუქტზე სატარიფო შეზღუდვა მანამდეც იყო დაწესებული, ანუ ახალი სანქცია არსებულ სატარიფო შეზღუდვას 10%-ით გაამკაცრებს. კანადის, მექსიკის და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვა საპასუხო ზომები და ისინი თავადაც დაუწესებენ აშშ-ს ტარიფებსა და სხვა შეზღუდვებს.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად კანადაზე, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $2.1 ტრილიონი დოლარია, ანუ ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს. ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით დოვლათი $55,500-ის ტოლია, რაც ნიშნავს, რომ კანადელები საკმაოდ კარგად ცხოვრობენ. ბოლო წლებში, კანადაში პრობლემად იქცა ინფლაცია, მაგრამ ცენტრალური ბანკის ჩარევით გამოწვევა დაიძლია, რასაც ვერ ვიტყვით უმუშევრობის დონეზე, რომელიც საკმაოდ მაღალ 6%-ზე არის შენარჩუნებული. კანადის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ის ბუნებრივ წიაღისეულზე, წარმოებაზე და სერვისებზე მოდის. ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ნავთობს, ურანს, ნიკელს და თუთიას ვხვდებით.
ტარიფების საკითხი კანადისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კანადის აწ უკვე გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და დონალდ ტრამპმა ის უკვე არაერთხელ განიხილეს, მათ შორის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე. ტრუდო ტრამპს ფლორიდაში მდებარე მარალაგოს სასახლეში ეახლა, მაგრამ საუბარმა, როგორც ჩანს, შედეგი არ გამოიღო, რადგან მილიარდერ პრეზიდენტს კანადის შესახებ რითორიკა არ შეუცვლია და ტარიფებიც დაწესდა.




























