მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის დახმარების შეჩერებაზე განცხადებას აკეთებს

რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის $95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. დანიგანი აღნიშნავს, რომ გაჩერდება მხოლოდ ის დახმარება რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებდა, ხოლო ის პროგრამები, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის, მცირე მეწარმეობის განვითარებისა თუ განათლების მიმართულებებს მოიცავს შეუფერხებლად გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება აშშ-ის დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ.

31 ივლისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95-მილიონიან დახმარებას შეაჩერებს, რაც საქართველოსთან ურთიერთობათა გადახედვის გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. რობინ დანიგენი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ანტიდემოკრატიულ კურსს შეიცვლის და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სიარულს კვლავ გააგრძელებს.

"ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები ვართ. 33 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად დავეხმარეთ სკოლებისა და კლინიკების აშენებაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას საქართველოს ხალხისთვის.

თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს - ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი.

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი,"- განაცხადა რობინ დანიგანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები