კონკურენტების გააქტიურებისა და ახალი მოთამაშეების გამოჩენის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს წილი 50%-მდე შემცირდა, რაც მოსალოდნელზე უარესი შედეგია. შედარებისთვის, 2019 წელს Tesla-ს ბაზრის წილი 82.5%-ს აღწევდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 67%-ის ფარგლებში.
ბაზრის წილის შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლები Tesla-ს ნაცვლად სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ელექტრომობილებს ყიდულობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბაზარზე წარმოდგენილი EV-ების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად აშშ-ში 113 განსხვავებული EV-მოდელია წარმოდგენილი, რაც არჩევანის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჩინური ავტომწარმოებლების უმეტესობა აშშ-ის ბაზარზე ოფიციალურად ჯერ შესული არ არის, ანუ გლობალურ ბაზარზე, რეალურად, 300-მდე განსხვავებული ზომის, ფორმისა და ფასის ელექტრომობილია წარმოდგენილი.
აშშ-ის ბაზარზე მეორე ადგილი ამჟამად Ford-ს უჭირავს, რომელიც Ford F-150 Lightning EV-ს, Mustang Mach-E-ს და E-Transit-ს აწარმოებს. გარდა ამისა, ხუთეულში ვხედავთ: GM-ს, KIA-ს და BMW-ს.
საინტერესოა, რომ BMW-ს მთავარ კონკურენტს, Mercedes-Benz-ს ელექტრომობილების რეალიზაციის მიმართულებით არასახარბიელო შედეგები აქვს, რაც EQ-სერიის არატრადიციული დიზაინითაა განპირობებული, სწორედ ამიტომ გერმანულმა კომპანიამ ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე ფოკუსირება და 2030 წლამდე განსაზღვრული ელექტრიფიკაციის გეგმის შეცვლა გადაწყვიტა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, მომავალში Tesla-ს ბაზრის წილი უფრო მეტად შემცირდა, რაც კონკურენტების მხრიდან უკეთესი დიზაინის, ხარისხის, ფუნქციონალისა და ფასის მქონე ელექტრომობილების შეთავაზებით იქნება განპირობებული. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მოელიან, რომ Tesla ელექტრომობილების ბაზარზე დომინანტ მოთამაშედ დარჩება, რადგან მისი დამტენების ინფრასტრუქტურა უკონკურენტოა, EV-ის ფლობის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი სწორედ ესაა.