მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ეკომეგობრული პროექტებისთვის $6 მლრდ-ს გამოყოფს

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა 20 შტატის გარემოსდაცვითი პროექტების სუბსიდიისთვის $6-მილიარდიანი დაფინანსება გამოყო. საუბარია ჯამში 33 ინდუსტრიულ პროექტზე, რომელთა მიზანი ნახშირბადის ემისიების შემცირებაა. როგორც Reuters-ი წერს, ინვესტიცია აშშ-ში მეტ სამუშაო ადგილს გააჩენს და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

როგორც ცნობილია, პროექტებს ქვეყნის ენერგეტიკის მდივანი, ჯენიფერ გრანოლმი Cleveland-Cliffs Steel Corp-ში ვიზიტისას გამოაცხადებს. თავად კომპანიის საწარმო კი ფედერალური ფონდიდან $500 მილიონამდე დაფინანსებას მიიღებს, რათა წყალბადზე მომუშავე ტექნოლოგია და ორი ახალი ელექტროღუმელი დანერგოს, რითაც სათბურის აირების ემისიებს 1 მილიონი ტონით შეამცირებს.

გრანოლმის თქმით, ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა, რომელიც ინდუსტრიული დეკარბონიზაციისთვის გაიცემა. ნავარაუდებია, რომ 33 პროექტი ჰაერის დაბინძურებას წელიწადში 14 მილიონი მეტრული ტონა ემისიით შეამცირებს, რაც იგივეა, რომ 3 მილიონი შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილი გზებიდან ერთბაშად გავაქროთ.

ენერგეტიკის მდივანი აღნიშნავს, რომ დაფინანსება რკინისა და ფოლადის, ცემენტის, ალუმინის, ქიმიკატების, საკვებისა და სასმლისა, რბილობისა და ქაღალდის ინდუსტრიებზე გავრცელდება - ეს სექტორები ერთად აშშ-ის ემისიების მესამედზე არიან პასუხისმგებელი.

უკვე ცნობილია, რომ $95-დან $500 მილიონამდე დაფინანსებას მიიღებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Dow Chemical, ExxonMobil, Century Aluminium და სხვა.

აღსანიშნავია, რომ დაფინანსება ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მეორე ვადით არჩევისთვის პრეზიდენტი, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და ადგილობრივ მთავრობებთან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები