მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Epic Games-ი $520 მილიონით დააჯარიმა

63a18d11a96fb
გიორგი არონია
21.12.22 01:00
670
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის შემქმნელი ამერიკული კომპანია, Epic Games-ი აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) $520 მილიონით დააჯარიმა, - ამის შესახებ CNBC-ი წერს.

როგორც ირკვევა, აღნიშნული სასჯელი ორი ნაწილისგან შედგება: $245-მილიონიანი ჯარიმა Fortnite-ის მარკეტფლეისისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკას, ხოლო $275-მილიონიანი ჯარიმა ბავშვთა უფლებების დარღვევას ეხება.

აღნიშნული სასჯელი, ნაწილობრივ, კომპანიის მიერ „საბავშვო ონლაინ უსაფრთხოების დაცვის აქტის“ (COPPA) დარღვევას ეხება. როგორც ჩანს, Fortnite-ში ბავშვებისა და თინეიჯერების უცხო ადამიანებთან დაწყვილებით, Epic Games-მა ისინი ფსიქოლოგიური ტრავმის რისკის წინაშე დააყენა და თან, მშობლებს კონტროლის ადეკვატური სისტემა არ შესთავაზა - ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ამერიკული მარეგულირებელი.

„ონლაინრეჟიმში, საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ბავშვების პირადი ცხოვრების ხელყოფისა და მაცდური მოდელებისგან დაცვა - კომისიის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულება ბიზნესებს აგრძნობინებს, რომ FTC-ი ამ არაკანონიერ პრაქტიკას ბოლოს მოუღებს“, - ვკითხულობთ აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარის, ლინა ხანის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ $520-მილიონიანი ჯარიმა, რომლის გადახდა Epic Games-ს მოუწევს, მცირე ნამდვილად არ არის, მათ შორის არც აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის მასშტაბებით, მაგრამ ის მაინც ჩამორჩება $5-მილიარდიან ჯარიმას, რომელიც Meta-მ (მაშინ კი, Facebook-მა) 2019 წელს გადაიხადა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2018-2019 წლებში, Epic Games-მა $5.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები