მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აშშ-ის ინსპირირებულმა ამბოხებამ გამოიწვია პროტესტი, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა“ - აიათოლა ხამენეი

აიათოლა ხამენეი

ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მასშტაბური პროტესტი ამერიკული ამბოხებით იყო გამოწვეული, რისი მიზანიც ირანის შთანთქმა იყო. ინფორმაციას Skynews ხამენეის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანელმა ერმა ამბოხება წელში გადატეხა; მან ასევე უნდა გატეხოს წელში თავად ამბოხებულებიც.

ჩვენ ქვეყანა ომისკენ არ მიგვყავს, თუმცა არც ამერიკული ამბოხების ადგილობრივ და საერთაშორისო დამნაშავეებს დავტოვებთ დაუსჯელს“, - განაცხადა აიათოლა ხამენეიმა.

ირანული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ კომენტარებში ხამენეი არეულობის დროს „უზარმაზარი ზარალის“ მიყენებასა და „რამდენიმე ათასი“ ადამიანის მკვლელობაში „ისრაელთან და აშშ-სთან დაკავშირებულ პირებს“ ადანაშაულებს.

ირანში, დემონსტრაციები 28 დეკემბერს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეების გამო დაიწყო, თუმცა მალევე სასულიერო მმართველობის დასრულების მოთხოვნით ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა. ხელისუფლებამ არეულობის ჩასახშობად ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ, სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, მომიტინგეები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა. მოკლე მიმართვაში მან განაცხადა, რომ „ვანდალები და მეამბოხეები საკუთარ ქუჩებს ანადგურებდნენ სხვა ქვეყნის პრეზიდენტის გასახარებლად“ და რომ თეირანი არ მოითმენდა ადამიანებს, რომლებიც „უცხოელთა დაქირავებით“ მოქმედებდნენ.

ხელისუფლების მიერ ირანელი მომიტინგეების მკვლელობის შესახებ ცნობების ზრდასთან ერთად, ტრამპმა პირობა დადო, რომ მათ დასაცავად ჩაერთვებოდა. ამასთან, 13 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესს აწარმოებს“, 25%-იანი ტარიფი დაეკისრებოდა და მომიტინგეებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ამ კვირაში პროტესტი შენელდა. ვითარების დამშვიდების ფონზე, აშშ-ში ბაზირებულმა ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ“ (HRANA) განაცხადა, რომ მათ მიერ გადამოწმებული მონაცემებით, პროტესტისა და შემდგომი დარბევების შედეგად 3,090 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2,885 მომიტინგე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები