ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ტრამპის გამოსახულებიან საკოლექციო მონეტაზე მუშაობს. საუბარია სპილენძის 1 დოლარიანზე, რომელიც 2026 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის აღსანიშნავად გამოვა.
შტატების ხაზინამ მონეტის დიზაინიც გაასაჯაროვა. დონალდ ტრამპი მის ორივე მხარეს იქნება გამოსახული. ავერსზე ტრამპის პროფილს და წარწერებს: “LIBERTY” (თავისუფლება), “IN GOD WE TRUST” (ჩვენ ღმერთის გვჯერა) ვიხილავთ. მონეტის ქვედა ნაწილზე კი დატანილი იქნება თარიღები 1776-2026.
რაც შეეხება რევერსს, ტრამპი მასზეც იქნება გამოსახული. ოღონდ, ამჯერად მისი გამომეტყველება იმ სურათს მოგვაგონებს, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატს 13 ივლისს, ლიკვიდაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადაუღეს. ამავე თარიღს უკავშირდება მონეტის ზედა ნაწილზე დატანილი წარწერა “FIGHT. FIGHT. FIGHT.” (იბრძოლეთ, იბრძოლეთ, იბრძოლეთ) - ანუ სიტყვები, რომლებიც ფეხზე წამომდგარმა ტრამპმა მხარდამჭერებს განუცხადა. რაც შეეხება მონეტის ქვედა ნაწილს, მასზე ვხვდებით წარწერებს “United States of America” (ამერიკის შეერთებული შტატები) და ლათინურ ენაზე დაწერილ ქვეყნის სლოგანს “E Pluribus Unum” რაც ნიშნავს - ერთი, შედგენილი მრავლისაგან.
ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტრამპის მომხრეები დადებითად შეხვდნენ და საკოლექციო მონეტას “ამერიკული შეუპოვრობისა და სიძლიერის” გამოსახულება უწოდეს. რაც შეეხებათ კრიტიკოსებს, ისინი მიიჩნევენ, რომ ხაზინა აქამდე არსებულ ნორმებს არღვევს. საუბარია რეგულაციაზე, რომელიც მონეტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახულების დატანას ზღუდავს. საკითხზე ხაზინის იურისტები უკვე მუშაობენ და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, შევა თუ არა ცვლილებები არსებულ დიზაინში.
სპილენძის 1-დოლარიანი საჯარო მოხმარებაში არ ჩაეშვება და მას მხოლოდ სიმბოლური დანიშნულება ექნება, რათა მრავალი წლის შემდეგ ადამიანებს ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი და დამოუკიდებლობის დღის 250 წლის იუბილე შეახსენოს.




























