მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მარეგულირებელი Microsoft-ისა და Activision-Blizzard-ის გარიგების დაბლოკვას მოითხოვს

648837eb81683
გიორგი თოლორდავა
13.06.23 18:45
1440
ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მარეგულირებელი კომისია Microsoft-ისა და Activision-Blizzard-ის 69-მილიარდ-დოლარიანი გარიგების დაბლოკვას მოითხოვს.

კომისიამ სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანა და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, გეიმინგ ინდუსტრიის ისტორიაში დაფიქსირებული უმსხვილესი გარიგება ჩაშლის რისკის წინაშე აღმოჩნდება.

მარეგულირებლის განმარტებით, გარიგება იქამდე არ უნდა შედგეს, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა Microsoft-ის მხრიდან გარკვეულ გარანტიებს არ მიიღებს. საქმე ისაა, რომ Activision-თან შერწყმის შემდეგ, Microsoft-ი ვიდეო თამაშების გლობალურ ბაზარზე ფაქტობრივ მონოპოლად ჩამოყალიბდება, მის მიერ გატარებული პოლიტიკა კი პირდაპირ განსაზღვრავს ინდუსტრიის მომავალს. მსგავსი ძალაუფლების ერთ კომპანიაში კონცენტრირება კი, ბუნებრივია, ანტიმონოპოლიური სამსახურებისათვის მისაღები არ არის.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული $69-მილიარდიანი გარიგება გასულ თვეს დიდი ბრიტანეთის კონკურენციის სააგენტომ დაბლოკა. მარეგულირებლის განმარტებით, Microsoft-ის შესყიდვის პოლიტიკა ზღუდავს კონკურენციას და ბაზარზე მონოპოლიის განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ზიანს მომხმარებელს აყენებს.

საგულისხმოა, რომ გარიგების წარმატებით დასრულებას Microsoft-ისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან Activision-Blizzard-ის შეძენით Microsoft-ის ფლაგმანი გეიმინგ-პლატფორმა XBOX-ი ისეთ საკულტო თამაშებს მიიღებს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush.

ცნობისთვის, პანდემიის დროს ვიდეო თამაშების „ბუმის“ პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტების დაინტერესება გეიმინგ ინდუსტრიის მიმართ მკვეთრად გაიზარდა, თავად Microsoft-მა 2020 წელს $7.5 მილიარდად Doom-ის, The Elder Scrolls Skyrim-ისა და Fallout-ის შემქმნელი სტუდია Bethesda Softworks შეიძინა.

გარდა ამისა, იაპონურმა კომპანია Sony-მ, რომელიც XBOX-ის კონკურენტ პლატფორმა PlayStation-ს აწარმოებს, $3.6 მილიარდად HALO-სა და Destiny-ს შემქმნელი გეიმინგ-სტუდია Bungie შეიძინა; უმსხვილესი ჩინური კომპანია Tencent-ი კი Ubisoft-ში ახორციელებს ინვესტიციას - აღნიშნული სტუდია Assassin’s Creed-ს, Far Cry-სა და Rainbow Six Siege-ს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მესამე უმსხვილესი კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, მის მენეჯმენტს აქვს იმის ფუფუნება, რომ პოტენციური კონკურენტები ან საინტერესო პარტნიორი კომპანიები პირდაპირ შეისყიდოს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის Microsoft-ის საბაზრო ღირებულებასა და შესაძლებლობებს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები