ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ გაკოტრებულ კრიპტობანკ Silvergate Capital-ს სასამართლოში უჩივლა. ბრალდების მხარის მტკიცებით, Silvergate-ის ხელმძღვანელობამ დაარღვია ამერიკის კანონმდებლობა ფულის გათეთრებასთან, ანგარიშგების მომზადებასთან და ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.
როგორც მარეგულირებელი კომისია განმარტავს, Silvergate-ის საქმიანობა შეიცავდა თაღლითობის ნიშნებს და, სავარაუდოდ, მისი ხელმძღვანელები ჩართულნი იყვნენ FTX-თან არალეგალურ გარიგებაში, რაც საეჭვო ტრანზაქციებით დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ 1988 წელს კალიფორნიაში დაფუძნებული ბანკის კოლაფსი პირდაპირ კავშირშია კრიპტობირჟა FTX-ის გაკოტრებასთან, რომელიც წლების განმავლობაში Silvergate-ის სტრატეგიული პარტნიორი იყო. FTX-ის გაკოტრების შემდეგ, ბანკმა კრიპტოაქტივების დიდი ნაწილი დაკარგა, რის გამოც ინვესტორებმა და კლიენტებმა ბანკიდან 10 მილიარდი დოლარის მოცულობის აქტივები გაიტანეს.
ფინანსური შედეგების გაუარესების ფონზე, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ Silvergate-ის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო, რამაც საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ღირებულების 99%-იანი ვარდნა გამოიწვია და საბოლოოდ ის გაკოტრებამდე მივიდა.
Silvergate-ის ძირითადი დანიშნულება კრიპტოტრანზაქცების გატარება და ციფრული აქტივების შენახვა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ის თაღლითური საქმიანობითაც იყო დაკავებული.