საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Bain & Company-ს ახალი კვლევის მიხედვით, აშშ-ის საავტომობილო ბაზარი უახლოეს პერიოდში საგრძნობლად შემცირდება, რის გამოც ინდუსტრიაში კონკურენცია უკიდურესად გამწვავდება.
CNBC-ის ინფორმაციით, შობადობის კლება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება პოტენციური მყიდველების რაოდენობას მკვეთრად ამცირებს, რაც ბაზრის შემცირებას იწვევს. თუ აქამდე ავტოინდუსტრია მოსახლეობის ყოველწლიური 1%-იანი ზრდის მოლოდინზე იყო დაფუძნებული, ამჟამად დემოგრაფიული მაჩვენებლები თითქმის სტატიკურია. არსებული ინფორმაციით, 2040 წლისთვის აშშ-ში ახალი ავტომობილების წლიური გაყიდვები მიმდინარე მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონზე მეტი ერთეულით შემცირდება.
როგორც ირკვევა, ბაზრის შემცირების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი სატრანსპორტო ქცევის ცვლილება და მომხმარებლებისთვის ახალი ავტომობილების მკვეთრი გაძვირებაა. საპროგნოზო კომპანია AutoForecast Solutions-ის შეფასებით, უახლოესი შვიდი წლის განმავლობაში გაყიდვების სტაგნაციაა მოსალოდნელი, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა საკუთარი ტრანსპორტის ფლობის ნაცვლად, უპირატესობას Uber-ისა და Lyft-ის სერვისებს ანიჭებს.
კვლევამ აჩვენა, რომ დღეს აშშ-ში 16 წლის მოზარდების მხოლოდ ნახევარი ფლობს მართვის მოწმობას, მაშინ როდესაც 1966-1984 წლებში ეს მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა. Wall Street Journal-ის მონაცემებით, წამყვანი ავტომწარმოებლების, მათ შორის Ford-ის, GM-ისა და Toyota-ს პროგნოზების ანალიზი მიუთითებს, რომ ამერიკული ეკონომიკიდან დაახლოებით მილიონი პოტენციური მყიდველი სამუდამოდ გაქრა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკულ ბაზარზე $20,000-ზე ნაკლები ღირებულების ახალი მანქანა პრაქტიკულად აღარ არსებობს, ახალი ავტომობილის საშუალო ფასი კი $50,000-ს უტოლდება. ამის გათვალისწინებით, ყოველთვიური სალიზინგო და საკრედიტო გადასახადები ბოლო ოთხ წელიწადში 30%-ით გაიზარდა, სადაც ყოველი მეხუთე მყიდველის ყოველთვიური კონტრაქტი $1,000-ს აჭარბებს. პარალელურად, მკვეთრად იზრდება გზებზე არსებული ავტომობილების ასაკიც, ვინაიდან მომხმარებლები დაძველებული მანქანების განახლებას სულ უფრო აყოვნებენ. თუ 2000 წელს მწყობრიდან გამოსული ავტომობილების ჩამოწერის წლიური მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა, 2025 წლისთვის მან 5%-მდე დაიკლო, 2040 წლისთვის კი 4.4%-მდე შემცირდება.
ამასთან, ახალი ავტომობილების მყიდველთა თითქმის ნახევარს 55 წელს გადაცილებული პირები შეადგენენ, რის გამოც ბრენდები წარმოებას სწორედ მათ მოთხოვნებს არგებენ. 18-დან 34 წლამდე ასაკის მომხმარებელთა წილი, რომელთა მაჩვენებელი 2021 წელს 12% იყო, გასულ წელს 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა. Bain & Company-ს პარტნიორის, მარკ გოტფრედსონის განმარტებით, აშშ-ის ბაზარზე ბრენდების ჭარბი რაოდენობის გამო, საავტომობილო კომპანიებს შორის სასტიკი ბრძოლა დაიწყება, რაც საბოლოოდ ბაზრის კონსოლიდაციას და მწარმოებლების გაერთიანებას გამოიწვევს.




























