მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა

ერაყში აშშ-ის საელჩო

ბაღდადში აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების საგანგებო გაფრთხილება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ირანთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებები უახლოეს 24-48 საათში ერაყის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილზე იერიშების მიტანას გეგმავენ.

ოფიციალური ვაშინგტონი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ნებისმიერი ღია სახმელეთო მარშრუტით, ვინაიდან ერაყის საჰაერო სივრცე ამ დროისთვის სრულად ჩაკეტილია. არსებული ინფორმაციით, საფრთხის ქვეშაა ნებისმიერი ის დიპლომატიური ობიექტი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, უნივერსიტეტი, აეროპორტი თუ სასტუმრო, რომელიც აშშ-სთან შეიძლება ასოცირდებოდეს.

როგორც ირკვევა, ერაყის მთავრობა ვერ ახერხებს ქვეყნის ტერიტორიიდან მომავალი ტერორისტული საფრთხეების პრევენციას, რაც რეგიონში უსაფრთხოების ვაკუუმს ქმნის. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პროირანული ფორმირებები თავდასხმებისა და გატაცებების განსახორციელებლად სამთავრობო უწყებების ყალბ მოწმობებს ხშირად იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ამერიკული მისია საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რათა მოქალაქეებს იორდანიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ევაკუაციაში დაეხმაროს. აღსანიშნავია, რომ იორდანიის ავიახაზებმა, Royal Jordanian-მა ბაღდადიდან ამანის მიმართულებით სპეციალური ავტობუსების რეისები უკვე დანიშნა, რათა მგზავრები ქვეყნიდან გაიყვანოს, შემდეგ კი ტრანზიტული რეისით დააბრუნოს სამშობლოში.

ცნობისთვის, ერაყში მოგზაურობის საფრთხის დონე კვლავ მე-4, უმაღლეს კატეგორიაში რჩება, რაც ნებისმიერი მიზნით ქვეყანაში ჩასვლას კრძალავს. შეგახსენებთ, რომ რეგიონში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანმა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე პირდაპირი დარტყმების სერია დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები