ყოფილ კანცლერს გერჰარდ შროდერს გერმანულმა ბანკმა Sparkasse Hannover-მა გარკვეული ტიპის ტრანზაქციები დაუბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა გაზეთმა BILD-მა გაავრცელა.
კლიენტისთვის გაგზავნილ წერილში Sparkasse-ი გარკვეული გადარიცხვების შეჩერების მიზეზად აშშ-ის სანქციებს ასახელებს და აცხადებს, რომ თუ ამ თანხების გადარიცხვას გააგრძელებდა, შესაძლოა მეორადი სანქციების ქვეშ მოქცეულიყო. საუბარია იმ ფულზე, რომელსაც ყოფილი კანცლერი იღებს როგორც კომპანია Nord Stream 2 AG-ის ადმინისტრაციული საბჭოს ხელმძღვანელი.
BILD-ის ინფორმაციით, Gazprom-ის შვილობილი Nord Stream 2 AG-დან შროდერს წელიწადში ორჯერ დაახლოებით 200 ათას ევროს ურიცხავდნენ. შროდერი 1998-2005 წლებში გერმანიის კანცლერი იყო და გადადგომის შემდეგ რუსეთთან აქტიურად თანამშრომლობდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა რუსული ენერგოგიგანტის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა.




























