კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ xAI-ის სარჩელი კონკურენტი OpenAI-ის წინააღმდეგ დროებით შეწყვიტა.
საქმე ეხება მილიარდერის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც მისი კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა სემ ოლტმენის სტარტაპში გადასვლისას Grok-ის ჩეტბოტის საწყისი კოდი და სხვა კონფიდენციალური მონაცემები მოიპარეს. მოსამართლე რიტა ლინის განმარტებით, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ OpenAI-ს ახალმა სპეციალისტებმა მოდელი ახალი xAI-ს კომერციულ საიდუმლოებებზე დაყრდნობით ააგეს.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ მასკს სარჩელის შესწორებული ვერსიის წარდგენის უფლება მაინც მისცა, თუმცა თუ ის 17 მარტამდე ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს თავს ვერ მოუყრის, დავა ოფიციალურად ჩაიხურება.
თავის მხრივ, OpenAI-ში სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ და განაცხადეს, რომ ეს უსაფუძვლო დავა მათ წინააღმდეგ მიმდინარე შევიწროების კამპანიის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცესი პირდაპირ კავშირშია უფრო ფართო დაპირისპირებასთან, რომლის ფარგლებშიც მასკი Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ OpenAI-ისგან $134.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. განმარტებისთვის, მასკი, რომელიც სტარტაპის პირველ წლებში მისი აქტიური ფინანსური მხარდამჭერი იყო და უზრუნველყოფდა კომპანიის შესაბამისი კადრებით დაკომპლექტებას, მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში სემ ოლტმენტმა მას ზურგი აქცია და გაწეული დახმარება არ დაუფასა. მილიარდერი თვლის, რომ OpenAI $830-მილიარდიან კაპიტალიზაციას ვერასდროს მიაღწევდა, რომ არა ის. შესაბამისად, მოითხოვს $134.5 მილიარდს, როგორც საზღაურს გაწეული შრომისთვის.
ცნობისთვის, xAI-მ სავარაუდო კომერციული საიდუმლოების მითვისების ბრალდებით სარჩელი ყოფილი ინჟინრის, სიუეჩენ ლის წინააღმდეგ ცალკეც შეიტანა. ნალიტიკოსების შეფასებით, xAI-სა დაპირისპირება OpenAI-სთან არა მხოლოდ იურიდიული, არამედ სტრატეგიული მანევრია, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე კონკურენტისთვის ფინანსური დარტყმის მიყენებაა.




























