ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა მეცხრედ უარყვეს წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიციირებული კანონპროექტი მთავრობის დაფინანსების შესახებ, რის შედეგადაც ე.წ. "შათდაუნი" მე-16 დღეს გაგრძელდა და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაშიც გადაინაცვლებს.
ნოემბრის ბოლომდე დაფინანსების კანონპროექტს მხარი ხმების 51-44 თანაფარდობით დაუჭირეს, დოკუმენტის დასამტკიცებლად კი, სულ მცირე, 60 ხმაა საჭირო.
დემოკრატები კვლავ დაჟინებით მოითხოვენ, რომ გაძლიერებული ჯანდაცვის სუბსიდიების ვადის ამოწურვის საკითხი თვის ბოლომდე გადაწყდეს. რესპუბლიკური პარტიის წევრები კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებას მხოლოდ მთავრობის ხელახლა გახსნის შემდეგ დაიწყებენ.
აშშ-ის მთავრობა ე.წ. "შათდაუნის რეჟიმში", რომელიც ფედერალური სააგენტოების მიერ მუშაობის შეჩერებას გულისხმობს, 1 ოქტომბერს გადავიდა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელები და დემოკრატები მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ.
აშშ-ის ხაზინის განცხადებით, მთავრობის "შათდაუნი" აშშ-ის ეკონომიკას კვირაში $15 მილიარდი უჯდება.




























