აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების $95-მილიარდიანი პაკეტი, რომლის მიღებაც თვეების განმავლობაში ჭიანურდებოდა. სამშაბათს კანონპროექტს მხარი 79-მა სენატორმა დაუჭირა, 18 კი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.
„დღეს სენატი უგზავნის ერთიან გზავნილს მთელ მსოფლიოს: ამერიკა ყოველთვის დაიცავს დემოკრატიას საჭიროების დროს. ჩვენ ვაჩვენებთ პუტინს, რომ ამერიკის წინააღმდეგ ფსონი ყოველთვის სერიოზული შეცდომაა“, - თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
უფრო დეტალურად, უკრაინის დასახმარებლად გათვალისწინებულია 60.8 მილიარდი აშშ დოლარი. 26.3 მილიარდი აშშ დოლარი არის ისრაელისთვის, ხოლო 8.1 მილიარდი აშშ დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, ჩინეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად.