„ქართველი ხალხის აქტს“ 10 ახალი მხარდამჭერი ჰყავს აშშ-ის სენატში. ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს.
„მოხარული ვარ, რომ სენატში ჩემი არაერთი კოლეგა აცნობიერებს საქართველოში არსებულ საგანგაშო ვითარებას და თანხმდება ქართველი ხალხის აქტის მხარდაჭერაზე. ჩვენ ერთად ვაგზავნით ძლიერ გზავნილს, რომ აშშ-ში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი კანონპროექტის მიმართ და საქართველოს მიმართ ჩვენი პოზიცია და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს ვაშინგტონს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
ახალ მხარდამჭერებს შორის არიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორები. კერძოდ: ტომ ტილისი; მიტ რომნი; ჯეფ მერკლი; ჯონ კორნინი; კრის მერფი; დენ სალივანი [საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს თავმჯდომარე]; ანგუს კინგი; ტოდ იანგი; შელდონ უაიტჰაუსი და ჯორჯ ჰელმი.
“საქართველოს აშკარა სვლა რუსეთის ორბიტისკენ ცუდია რეგიონის სტაბილურობისთვის. ეს თავად ქართველ ხალხზე უკეთ არავის ესმის. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, ქართველების 90%-ს სურს, რომ მათი ქვეყანა იყოს დასავლური, თავისუფალი სამყაროს ნაწილი და არა რუსული სამყაროსი”, - განაცხადა სენატორმა სალივანმა.
ცნობისთვის, „ქართველი ხალხის აქტი“ ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს იმისთვის, რომ იმ პირებმა პასუხი აგონ საქართველოში კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და “რუსული კანონის” მიღებაზე.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს სენატორი შაჰინი ამერიკის კონგრესის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოში, რა დროსაც მან შეხვედრა გამართა როგორც პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ეს ვიზიტი ამერიკის მიერ საქართველოსთვის დახმარების შეჩერებიდან მალევე შედგა. მანამდე შაჰინმა და სენატორმა რიშმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობისთვის 95$ მლნ-ის ოდენობის დახმარების შეჩერების შესახებ, რაც „რუსული კანონის“ მიღებას მოჰყვა.