მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის წინააღმდეგობის გამო, საზღვაო გადაზიდვებზე ნახშირბადის გადასახადის ინიციატივა ჩავარდა

ემისიები

ფლაგმანური შეთანხმება, რომელიც მიზნად გადაზიდვების სექტორის გლობალური ემისიების შემცირებას ისახავდა, 18 ოქტომბერს ჩავარდა.

ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შეხვედრაზე შემუშავდა, ყველა დიდ გემს, მათ შორის საკრუიზო გემებსაც, 2028 წლამდე ემისიების 17%-ით შემცირებას დაავალდებულებდა. თუმცა აშშ-სა და საუდის არაბეთისგან დიდი წნეხის გამო, მსოფლიო ლიდერები პროექტს კენჭს შემდეგ შეხვედრაზე, 2026 წელს უყრიან. მაშინაც, რეგულაციის მიღების შემთხვევაში, ის ყველაზე ადრე 2028 წლის მარტში შევა ძალაში.

კენჭისყრის გადადებას დადებითი უკუკავშირი მოჰყვა აშშ-სგან, გარემოს დამცველი ორგანიზაციები კი მსოფლიო ლიდერების უმოქმედობას კრიტიკით გამოეხმაურნენ. რეგულაციის მიღების გადადება მნიშვნელოვნად ავადებს იმ გეგმის ამოქმედებას, რომელიც გადაზიდვების სექტორში მსოფლიოში პირველი, იურიდიულად სავალდებულო ემისიების შემცირების საწინდარი შეიძლებოდა ყოფილიყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საზღვაო გადაზიდვები უკვე არის ემისიების პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სწრაფად მზარდი წყარო.

რეზოლუცია, რომელიც ცნობილია როგორც „ნულოვანი ემისიის ჩარჩო“, საზღვაო ორგანიზაციის ყველაზე ამბიციური მცდელობა იყო, გადაზიდვების ინდუსტრიისთვის საკუთარი ნახშირბადის კვალზე პასუხისმგებლობა დაეკისრებინა. ჩარჩო დანერგავდა საწვავის გლობალურ სტანდარტს და ნახშირბადის კრედიტების სისტემას, რაც კომპანიებს აიძულებდათ, შეემცირებინათ ემისიები ან გადაეხადათ გადასახადი.

გადაზიდვების ინდუსტრია გლობალური ემისიების 3%-ზეა პასუხისმგებელი, რაც, დაახლოებით, მილიარდი ტონა CO2-ის ეკვივალენტია. დიდი გემების უმრავლესობა, მათ შორის საკრუიზო გემები და სატრანზიტო ტანკერები, მძიმე მაზუთზე მუშაობენ. რაც ერთ-ერთ ყველაზე მავნე წიაღისეულ საწვავად ითვლება და გამოყოფს შავ ნახშირბადს, მეთანს და გოგირდის ოქსიდებს, რომლებიც სანაპირო ეკოსისტემებს აზიანებენ.

ორდღიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, მსოფლიო ლიდერთა აზრი ორად გაიყო. შეხვედრის ბოლოს რეგულაციის მიღებას მხარი 49 სახელმწიფომ დაუჭირა, როცა მის გადავადებას 57-მა ქვეყანამ მისცა ხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები