აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის (CBO) უახლესი პროგნოზით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის მოცულობა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დრამატულად გაიზრდება და ის 64 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
ამ საგანგაშო ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები მოსახლეობის დაბერება, ჯანდაცვის ხარჯების მატება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საპროცენტო განაკვეთების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება იქნება. თუ ადრე აშშ-ს მარტივად შეეძლო იაფი სესხის აღება, დღეს არსებული ეკონომიკური პირობების გამო, მხოლოდ ვალის პროცენტის მომსახურება ფედერალურ ბიუჯეტს წლიურად ტრილიონ დოლარზე მეტი უჯდება.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თუ ვალის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდება, ათწლეულის ბოლოსთვის ვალის ფარდობა მშპ-სთან რეკორდულ 120%-ს გადააჭარბებს. ეს მდგომარეობა ვაშინგტონს აიძულებს, ან მკვეთრად შეამციროს სახელმწიფო ხარჯები, ან მოახდინოს საგადასახადო სისტემის რეფორმირება, რათა თავიდან აიცილოს გრძელვადიანი ეკონომიკური არასტაბილურობა და საპროცენტო წნეხის უსასრულოდ ზრდა.
CBO-ს ანგარიშის თანახმად, თუ მთავრობა ვალის შემცირების სტრატეგიას დროულად არ აამოქმედებს, მაშინ ვალის საპროცენტო მომსახურება იმდენად გაიზრდება, რომ მის გადასაფარად ფისკალური ცვლილებები აღარ იქნება საკმარისი.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად აშშ-ის ვალის მოცულობა $38.5 ტრილიონს შეადგენს და ის ყოველდღიურად სწრაფად იზრდება.




























