უკრაინამ უნდა შეასრულოს დაპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ თუკი ისინი ევროკავშირს საბაბს მისცემენ, არსებობს სულ მცირე ხუთი ქვეყანა, რომელიც მზად არის, ახლავე თქვას: "ჩვენ აღარ გვსურს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობა", - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, ის ყოველ კვირას ორი-სამი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა ტელეფონით უკრაინის ხელმძღვანელობას და მას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდა, ასევე სთხოვდა გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას, შეენარჩუნებინათ სანქციები.

























