დევიდ მალპასი 2017 წლიდან აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილის პოსტზე მუშაობდა, ის საერთაშორისო ფინანსების საკითხებს კურირებდა. რეიგანის და ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციის პერიოდში მალპასი სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინის დეპარტამენტებში მუშაობდა აღმასრულებელ თანამდებობებზე. მალპასი წარსულში ასევე საინვესტიციო ბანკ Bear Stearns-ში მუშაობდა, ბანკი გლობალური ფინანსური კრიზისის დროს გაკოტრდა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი ერთდროულად არის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. პრეზიდენტი ასევე არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) დირექტორთა საბჭოს, "მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს" (MIGA) და "საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის" ადმინისტრაციული საბჭოს (ICSID) ხელმძღვანელი.
მალპასის კანდიდატურის შერჩევას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. ამის მიზეზი კი, მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები იყო. ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობის დროს მალპასი მსოფლიო ბანკს ჩინეთისთვის ზედმეტად დიდი ფინანსური რესურსის გამოყოფისთვის აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკას ეკონომიკური განვითარებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეღავათიანი ფინანსური რესურსი აღარ სჭირდება.
მალპასი მსოფლიო ბანკში ცვლილებებს გეგმავს, მისი გეგმის მიხედვით, უნდა შემცირდეს შეღავათიანი რესურსის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე არიან და განვითარების უფრო მაღალ საფეხურებზე ინაცვლებენ, უფრო დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის კი, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს.

























