მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ, კანადა, ბრიტანეთი - „წყალი გუდაური“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

62064d755e043
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.22 22:41
1744
კომპანია „ვოთერლენდმა“, რომელიც მინერალურ და მტკნარ წყლებს „წყალი გუდაურის“ ბრენდით აწარმოებს, 2021 წელს საექსპორტო ბაზრების არეალი 10 ქვეყნამდე გაზარდა.

„ვოთერლენდის“ პროდუქტის განვითარების და ინოვაციების დირექტორი ნანა გოგუაძე BM.GE-სთან განმარტავს, რომ ექსპორტის მზარდმა დინამიკამ კომპანიის წარმადობა 10-ჯერ გაზარდა.

„2021 წელს ისეთ დიდ ბაზრებზე შევძელით შესვლა, როგორიც აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთია. ამ მიმართულებით ინტერესი მზარდია და ვფიქრობთ, საექსპორტო მოცულობები კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა გასულ წელს „წყალი გუდაური“ ისრაელში, ლატვიაში, უზბეკეთსა და საუდის არაბეთის ქვეყნებში გავიტანეთ. ჩვენი წყალი აზერბაიჯანში, რუმინეთსა და ქუვეითში დიდი ინტერესით 2020 წლიდან სარგებლობს. შედეგად 2021 წელს ექსპორტზე სხვადასხვა ზომის 1 432 527 ბოთლი მინერალური და გაზიანი წყალი გავიტანეთ“, - აღნიშნა ნანა გოგუაძემ.

მისი თქმით, ახალი ბაზრების ათვისება პანდემიურ რეალობაში არც თუ ისეთი მარტივი იყო, თუმცა კომპანიამ ამ გამოწვევების გადალახვა შეძლო.

„საექსპორტო ბაზრების გაფართოება საკმაოდ რთული იყო, რადგან პანდემიის გამო, რიგ ქვეყნებში ჩვენმა პოტენციურმა პარტნიორებმა თანამშრომლობაზე თავი შეიკავეს. ეს საკმაოდ დიდი ბაზრებია და მოთხოვნაც ძალიან მაღალია. ტრანსპორტირების ნაწილში გაზრდილი ხარჯები იმან დააბალანსა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დიდი რაოდენობის პროდუქტი მოითხოვეს და იმ გაზრდილი ტარიფების გადაფარვა შევძელით, რაც ბევრი ბიზნესისთვის უარყოფითი ფაქტორი აღმოჩნდა“, - განმარტა „ვოთერლენდის“ პროდუქტის განვითარების და ინოვაციების დირექტორმა და დასძინა, რომ „წყალი გუდაური“ პრემიუმ სეგმენტის წყალია, ამიტომ მისი ღირებულება დაბალი არ არის, თუმცა მისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, მოთხოვნა დინამიკურად იზრდება.

„ვოთერლენდი“ მიმდინარე წელს "წყალი გუდაურის" მინერალური და მტკნარი წყლის შეტანას კიდევ 4 ქვეყანაში გეგმავს, თუმცა დეტალების გაჟღერებისგან ჯერ თავს იკავებს.

ცნობისთვის: 2017 წელს 3 მლნ ლარის ინვესტიციით ამოქმედებულმა საწარმომ, 2021 წელს 1 მლნ დოლარის ინვესტიციით წარმადობა გაზარდა და დღეისთვის თვიურად 1 340 000 ლიტრ წყალს აწარმოებს. ადგილობრივ ბაზარზე „წყალი გუდაური“ სუპერმარკეტების 10 ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები