მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ, კანადა, დასავლეთ ევროპა - რომელი ქვეყნიდან ინტერესდებიან ქართული სათავგადასავლო ტურიზმით?

სათავგადასავლო

სამთო-სათავგადასავლო ტურიზმი აქტიური დასვენების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სამთო, ალპურ, სათხილამურო, საფეხმავლო, საცხენოსნო თუ ველო მიმართულებებს აერთიანებს. საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია კი 1998 წლიდან არსებობს და ამ მიმართულებებით მაღალკვალიფიციურ, სერტიფიცირებულ გამყოლთა გუნდს უყრის თავს.

ქართული სათავგადასავლო ტურიზმის უპირატესობებსა და გამოწვევებზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ილია ბერულავა, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის გენერალური მდივანი, საუბრობს. მისი თქმით, საქართველო უცხოელ ტურისტებს თავისი უნიკალურობით იზიდავს.

“ტურისტი საქართველოში უფრო ახლოს გრძნობს თავს ბუნებასთან, უფრო ახლოსაა მთასთან. ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, თავიანთი თავი უნიკალური გზით წარმოაჩინონ. ჩვენ სხვებისგან განსხვავებით არ გვჭირდება ახალი რამის მოფიქრება, უკვე გვაქვს ეს უნიკალურობა და ტურისტისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, მსოფლიოში ცნობილი და აქტიური კურორტები, როგორც წესი, გადატვირთულია და, განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ, გაზრდილია ფასებიც და ტურისტების კონცენტრაციაც - ხალხი შორ ქვეყნებში სტუმრობისგან თავს იკავებს, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ის გამოარჩევს, რომ მთები გადატვირთული არ არის, თავისუფალია და მწვერვალებთან რიგები არ გვაქვს”, - აღნიშნავს ილია ბერულავა.

მისი თქმით, საქართველოში ტურისტები ძირითადად იმ ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც აქტიური დასვენების კულტურა და ექსტრემალური მიმართულებები უფრო მეტადაა განვითარებული.

“ტურისტები ძირითადად დასავლეთ ევროპიდან ჩამოდიან, სადაც სათავგადასავლო ტურიზმისა და ექსტრემალურ-აქტიური დასვენების კულტურა შედარებით მეტადაა განვითარებული. ჩამოდიან აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან”, - ამბობს ილია ბერულავა.

სათავგადასავლო ტურიზმის შემაფერხებელ ერთ-ერთ გამოწვევად ბერულავა რეგიონში მიმდინარე საომარ კონფლიქტებს ასახელებს. მისი თქმით, უკრაინასა და ისრაელში მიმდინარე ომები ტურისტის თვალში საქართველოსაც სახიფათოს ხდის.

“მიმდინარე ომები დიდი გამოწვევაა ამ კუთხით, რადგან გეოგრაფიულად ამ ყველაფერს შორის მოვექეცით და გვჭირდება, სტუმრებს სწორი მესიჯები გავუგზავნოთ, რომ საქართველო უსაფრთხოა. მით უმეტეს, რომ ტურისტთა უმრავლესობა შორი ქვეყნებიდან ჩამოდის, თანაც პირველად და არა განმეორებით, არ არიან ინფორმირებულები.

პრობლემურია ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილიც - ხან გზები იკეტება, ხან საბაგირო არ მუშაობს, განსაკუთრებით ექსტრემალურ ამინდებში. უფრო მეტად უნდა ვიყოთ ამისთვის მომზადებულები, რადგან ელექტროენერგიის გათიშვა და წყალმომარაგების შეფერხება ტურიზმს ძალიან აფერხებს”, - ამბობს ილია ბერულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები