მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა

კობახიძე

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.

სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილს სანქციები 14024- ე აღმასრულებელი განკარგულებით დაუწესა, რომელიც რუსეთის მავნე საგარეო გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ენტონი ბლინკენის განცხადება ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით:

„შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა წაშალეს დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება.

მეტიც, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. შედეგმა საქართველო მოწყვლადი გახადა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს,” - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს. საუბარია $461 მილიონ დოლარზე.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება 7.55 მილიარდი დოლარია, Forbes-ის თანახმად კი მას $4.9 მილიარდი ეკუთვნის.

ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უშუალოდ მის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე $65.6 მილიონი დოლარი, მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საბანკო ანგარიშზე კი $88.4 მილიონი დოლარი არის განთავსებული.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ქართუ ფონდი და ქართუ ბანკი ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის საკუთრებაშია, ხოლო თანაინვესტირების ფონდის ბენეფიციარი მფლობელი კი ეკატერინე ხვედელიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები