ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს - მიზეზი ჰონგ-კონგის სასამართლოში პრო-დემოკრატიული აქტივისტებისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია - წერს Reuters-ი.
ჰონგ-კონგში 30 მაისს გამართულ პროცესზე 14 აქტივისტი დამნაშავედ ცნო - პროკურატურა მომიტინგეებს ჰონგ-კონგის პარალიზებაში სდებდა ბრალს. კრიტიკოსთა შეფასებით, აღნიშნული განაჩენი ჰონგ-კონგში კანონის უზენაესობას უთხრის ძირს და ლახავს ქალაქის, როგორც გლობალური ფინანსური ჰაბის, რეპუტაციას.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ჰონგ-კონგის მოქალაქეებს კანონით აქვთ გარანტირებული.
“აშშ ღრმად შეშფოთებულია გამამტყუნებელი განაჩენის გამო, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სასამართლოში პრო-დემოკრატიული აქტივისტების წინააღმდეგ მიიღეს. დაცვის მხარე პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურის მსხვერპლია, რომლებსაც პატიმრობა პოლიტიკურ აქტივობებში მშვიდობიანი ჩართულობის გამო შეეფარდათ, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის უფლება ჰონგ-კონგში კანონითაა დაცული.
განაჩენზე საპასუხოდ, აშშ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს ყველა იმ პირს ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან, ვინც ვერდიქტზეა პასუხისმგებელი.
ცნობისთვის, სასამართლოში საქმის წარმოება 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა - 2019 წელს გამართული ანტი-სახელისუფლებო პროტესტის გამო ჰონგ-კონგში 50-მდე აქტივისტი დააკავეს, რომლებსაც ბრალი, ჩინეთის მიერ შემოღებული ეროვნული უსაფრთხოების კანონის თანახმად, შეთქმულების ორგანიზებისთვის წარედგინათ.
მილერის თქმით, აშშ მოუწოდებს ჩინეთისა და ჰონგ-კონგის კანონმდებლებს, მშვიდობიანი მომიტინგეების დასასჯელად ბუნდოვანი კანონების გამოყენება შეწყვიტონ.