მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ძაღლის გაყვანის რეგულაციები შეცვალა - რა საბუთები გვჭირდება შინაური ცხოველის ქვეყნიდან გასაყვანად?

თვითმფრინავი

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები შეიცვალა.

ცვლილებების მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება. აღნიშნული სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით.

„საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის“ პრეზიდენტი მარიამ ჩხიკვიშვილი განმარტავს, რომ ცვლილებებით გართულდა ფორმის შევსება, თუმცა გამარტივდა ვადების მხრივ არსებული მოთხოვნები.

„ამერიკასთან მიმართებით ეს წესები უფრო მარტივი გახდება გარკვეული მიმართულებით, თუმცა მეორე მხრივ მეპატრონეებს შეიძლება გაურთულდეთ ფორმის შევსება. კოვიდის დაწყების შემდეგ შემოიღო ამერიკამ ცოფის ანტისხეულების ანალიზის მოთხოვნა, ის რაც ევროპაში დიდი ხანია არსებობს. აქამდე საკარანტინე ვადა იყო 45 დღე, თუ ცოფის ანტისხეულების ანალიზის გარეშე ჩაგყავდა ცხოველი საკარანტინო ვადას მოგვთხოვდა და ა.შ. ბევრად უფრო ძვირი მანიპულაცია იყო ცხოველის გაყვანა. დროთა განმავლობაში ამერიკის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ბევრად უფრო მარტივად შეიძლება გაატაროს ეს ღონისძიებები, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ცოფი მაინც აქვთ ქვეყანაში.

დღეის მონაცემებით 45-დღიანი საკარანტინო დღეები არ ესაჭიროება მეპატრონეს, თუმცა, წინა პერიოდისგან განსხვავებით რაც კომფორტულია, ცოფის ანტისხეულების ხანგრძლივობა არ იქნება 1 წელი, არამედ გახდა მუდმივი როგორც ევროკავშირშია და მეპატრონეს მოუწევს უფრო ვრცელი ინფორმაციის შევსება. აქამდე თუ 1 თვე სჭირდებოდა ლოდინს, ახლა 5-დღიან პერიოდში იქნება ცნობა გაცემული. როგორც ჩანს რაღაცები უფრო გაამარტივეს. თუმცა ამერიკის მხარეს ახასიათებს ჩახლართულად წესების წერა, ორჯერ წავიკითხე და კიდევ უნდა გადავიკითხო რომ რამე არ გამოგვეპაროს და სრულად ჩავაყენოთ მომხმარებელი საქმის კურსში.

რაც შეეხება ევროკავშირს მეპატრონემ ცხოველის მომზადება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 4 თვისა, რა დროსაც თუ ცხოველი არ არის ცოფზე აცრილი, უნდა აიცრას საერთაშორისო ვაქცინით. 1 თვით ადრე კი უნდა მოხდეს ცოფის ანტისხეულებზე მასალის აღება და გაგზავნა გერმანიაში. თუ ანტისხეულებზე პასუხი ჩამოვა დადებითი, 0.5-ზე მეტი მაჩვენებელი გვჭირდება, მაშინ მეპატრონე საკარანტინო ვადის ათვლას დაიწყებს სისხლის აღების თარიღიდან და უკვე 3 თვეში გაიყვანს ევროკავშირის ქვეყანაში, ან კუნძულებზე სადაც მიემგზავრება, ოღონდ წინაპირობის დოკუმენტები სურსათის სააგენტოსთან და ჩვენთან ერთად აუცილებლად იქნება შესავსები და გამოსაყენებელი ტრანსპორტირების დროს.“ - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები