მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ერაყიდან ჯარების გაყვანა ოფიციალურად დაასრულა

აშშ ერაყში

შეერთებულმა შტატებმა ერაყში ბოლო სამხედრო ბაზები დატოვა და ქვეყანაში ოცწლიანი სამხედრო ყოფნა ოფიციალურად დაასრულა. არსებული ინფორმაციით, სამხედრო კონტინგენტის ქვეყნიდან სრული გაყვანის გეგმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2024 წელს დაამტკიცა, პროცესი კი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დასრულდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, კოალიციური ძალების გასვლა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსს არსებითად შეცვლის და უსაფრთხოების სფეროში სერიოზულ ვაკუუმს შექმნის. როგორც ცნობილია, ამერიკული სამხედრო კონტინგენტი წლების განმავლობაში ერაყში ირანული გავლენის მთავარ შემაკავებელ ძალად მიიჩნეოდა, ამიტომ შექმნილი ვითარებით სარგებლობას უპირველესად ოფიციალური თეირანი შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის ამ ნაბიჯს თეირანი საკუთარ გამარჯვებად აფასებს. როგორც ირანის მთავრობაში აღნიშნავენ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ამერიკული სამხედრო ძალების სრულად გავიდნენ. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ამირ ჰაიათ მოყადამის განცხადებით, ამერიკელების წასვლის შემდეგ ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობა და უსაფრთხოება დამყარდება.

ამ პოზიციას ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებებიც სრულად იზიარებენ. გაერთიანება „ერაყის ისლამური წინააღმდეგობის“ ერთ-ერთმა მეთაურმა, აბუ მოჯთაბა ალ-იასირმა Reuters-თან საუბარში ამერიკული კონტინგენტის გასვლას „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა და პროცესი ამერიკული პროექტის მარცხად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთის ექსპერტები ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გასვლას ერაყში ოპტიმიზმით არ ხვდებიან. ადგილობრივი ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყანა უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობის ასაღებად მზად ჯერ კიდევ არ არის. ფალუჯაში მცხოვრები სუნიტი ტომობრივი ლიდერის, აბდულრაჰმან ალ-ზობაის განცხადებით, კოალიციის მიერ შექმნილი ვაკუუმი მოსახლეობაში რეალურ შიშს ბადებს. შექმნილი ვითარებით შესაძლოა ტერორისტულმა დაჯგუფება „დაეშმა“ ისარგებლოს და ქვეყანაში პოზიციების აღდგენა სცადოს. ერაყელი ანალიტიკოსის, ჯასიმ ალ-ბაჰადლის პროგნოზით, პროირანულ დაჯგუფებებს სახელმწიფოს მართვის პროცესსა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებზე კიდევ უფრო დიდი გავლენა ექნებათ.

ცნობისთვის, ამერიკული ძალები ერაყში 2003 წელს შეიჭრნენ და სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს. ვაშინგტონმა ქვეყანა პირველად 2011 წელს დატოვა, თუმცა 2014 წელს ტერორისტულ დაჯგუფება „დაეშთან“ საბრძოლველად უკან დაბრუნდა. ოცწლიანი სამხედრო ოპერაციების განმავლობაში ერაყში 4,500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები