შეერთებულმა შტატებმა 35 ჯგუფსა და ინდივიდს, რომლებიც ირანის ფარული ფინანსური ქსელის ოპერირებაში არიან ჩართულნი ახალი სანქციები დაუწესა - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"ირანის "ჩრდილოვანი საბანკო" ქსელები რეჟიმს საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს სანქციებს, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული "მაქსიმალური წნეხის" კამპანიისა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ირანის სამხედრო ძალები საერთაშორისო ფინანსური სისტემის უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულა. უწყების თქმით, მათი მიზანი სანქცირებული ნავთობის გაყიდვიდან მოგების მიღება, რაკეტებისა და იარაღის კომპონენტების შეგროვება და ტერორისტული "მარიონეტული ჯგუფების" დაფინანსებაა.
განცხადებაში ასევე ყურადღება გამახვილდა ირანელი ხალხის მძიმე მდგომარეობაზე და აღინიშნა, თუ როგორ უწევთ მათ გაუარესებულ ეკონომიკაში ცხოვრება მაშინ, როცა რეჟიმი პრივილეგიებს მხოლოდ ელიტას ანიჭებს.
ეს ხდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა Wall Street Journal-ს დაუდასტურა "ეკონომიკური მრისხანების ოპერაციის" შესახებ. ეს არის თავდაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევა ირანზე ეკონომიკური ზეწოლის მოსახდენად, აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების პარალელურად.
ხაზინის დეპარტამენტის მიერ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციები, ირანთან დაკავშირებული გემების ბლოკადასა და დაკავებასთან ერთად, მიზნად ისახავს, ირანს ნავთობის ექსპორტის გზა გადაუკეტოს, რომლითაც ის თავის საომარ მოქმედებებს აფინანსებს, - განუცხადა თეთრმა სახლმა WSJ-ს 22 აპრილს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ეს წნეხის კამპანია შეთანხმების მიღწევას გააადვილებს.
გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები ჩინეთში მოქმედ დამოუკიდებელ (ე.წ. "teapot") გადამმუშავებელ ქარხანასაც დაუწესა, მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ნავთობის შეძენის გამო.
ხაზინის დეპარტამენტის სამიზნე გახდა Hengli Petrochemical (Dalian) Refinery, რომელიც, დეპარტამენტის თქმით, ირანული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია. დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ასევე განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდა დაახლოებით 40 გადამზიდავ კომპანიასა და გემს, რომლებიც ირანის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილს წარმოადგენენ.




























