აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის მიერ შეიარაღებისა და სამხედრო კომპონენტების შეძენის ხელშეწყობის ბრალდებით 13 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა. როგორც ირკვევა, აშშ-ის ფინანსთა და სახელმწიფო დეპარტამენტების გადაწყვეტილება შეეხო რუსეთში, ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და პაკისტანში მოქმედ იმ სუბიექტებს, რომლებიც თეირანის სამხედრო მომარაგებაში მონაწილეობდნენ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი ამ ნაბიჯით მიზნად ირანის სამხედრო პროგრამების აღდგენის შეფერხებასა და მისი მხარდამჭერებისთვის ფინანსური ხარჯების გაზრდას ისახავს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, უწყება რეჟიმის მხარდაჭერას არ შეეგუება და ირანის დამხმარე ქსელების იზოლირებას კვლავაც გააგრძელებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანქცირებულთა სიაში ჩინეთსა და ჰონგ-კონგში მოქმედი მსხვილი შუამავლები მოხვდნენ. მათ შორის არის ირანის თავდაცვის სამინისტროს პეკინელი წარმომადგენელი, სეიდ ასღარ ალიზადე თაბათაბაი, რომელმაც ჩინეთში მზა საბრძოლო სისტემებისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების შეძენა უზრუნველყო. ამ ქსელის ფარგლებში ირანული საწარმო Kavoshcom Group-ი ადგილობრივი საავიაციო მრეწველობისთვის ელექტრონულ დეტალებს ყიდულობდა. ამას გარდა, ირანულ კომპანიას ელექტრონული კომპონენტებით ჰონგ-კონგში რეგისტრირებული EC Mojo Technology Co Limited-ი და მისი ჩინელი წარმომადგენელი, ლი ფენი ამარაგებდნენ.
როგორც აღინიშნა, შეზღუდვების ახალი პაკეტი რუსულ, პაკისტანურ და ირანულ სატრანსპორტო და სამხედრო კომპანიებსაც შეეხო. აშშ-ის შავ სიაში მოხვდა რუსული საავიაციო ქარხანა Yakovlev-ი და სანაოსნო კომპანია MG-Flot LLC-ი, რომლის გემებსაც რუსეთის ხელისუფლებისთვის შეიარაღება გადაჰქონდა. ვაშინგტონმა სიაში ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებთან დაკავშირებული ავიაკომპანია Saha Airlines-ი და პაკისტანური თავდაცვის საწარმო Cavalier Group-ის ხელმძღვანელი, ვასიმ ფაშა ტაჯამალიც შეიყვანა.
ცნობისთვის, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იმ სტრატეგიას, რომელიც მიზნად თეირანის ეკონომიკურ იზოლაციასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ისახავს. შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ომი 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო იერიშის შემდეგ დაიწყო.
























