ამერიკული სანქციები ირანზე ხუთშაბათიდან სრულიად ამოქმედდა. ემბარგო გავლენას ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე, უმთავრესად კი, ნავთობის ექსპორტსა და საბანკო სფეროზე მოახდენს. შეზღუდვები ასევე აშშ-ში მომუშავე იმ კომპანიებსაც შეეხება, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ ურთიერთობას გადაწყვეტენ. ამას გარდა, მკაცრდება სანქციები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც შესაბამისი სანქციების სიაში მყოფ ირანულ კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებენ.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ე.წ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ირანს ცოტა ხნის წინ ხელახლა დაუწესა. ემბარგოს წინ უძღოდა ბირთვული შეთანხმება. დოკუმენტი ერთი მხრივ, ირანს, მეორე მხრივ კი, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის 2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ისტორიული შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანაცვლოდ კი მასზე დაწესებული მთელი რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით, ირანმა დოკუმენტის პუნქტებს გვერდი აუარა, რასაც შტატების ახალი პრეზიდენტის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას დროს გაფორმებულ შეთანხმებას ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში აკრიტიკებდა და გამარჯვების შემთხვევაში მისი გაუქმების პირობას დებდა. აშშ-ის პრეზიდენტი მას ცალმხრივსა და დამღუპველს უწოდებდა და ამბობდა, რომ არ დაუშვებდა, აშშ ბირთვული შანტაჟის მძევალი გამხდარიყო. საბოლოოდ, 2018 წელს შტატებმა შეთანხმება ოფიციალურად დატოვა.
ახალი სანქციები ირანის მთავარ საექსპორტო საქონელს - ნავთობს დაარტყამს. გარდამავალ პერიოდში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ირანისგან ნავთობს ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი იღებდა, თუმცა გარდამავალი პერიოდი ამოწურულია, ნავთობით ვაჭრობა კი შეზღუდულია.
დაემორჩილება თუ არა სავაჭრო ემბარგოს ირანის მიმართ ყველა ქვეყანა ჯერ უცნობია. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ჩინეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იქნება, რომელიც ირანიდან ნავთობის იმპორტს შემაცირებს, თუმცა მასზე სრულ უარს ვერ იტყვის. ირანული ნავთობის მთავარი მყიდველი დღემდე სწორედ ჩინეთი იყო.
ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის გამოიწვევს. ნედლი ნავთობის ფასი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, მსოფლო ბაზრებზე 50 დოლარიდან 70 დოლარზე გაიზარდა.
ამჟამად ირანი რეცესიის პერიოდშია. ექსპერტები მიმდინარე წელს ეკონომიკის 5 პროცენტით შემცირებას ვარაუდობენ. სწორედ ამიტომ ირანის მთავრობამ ადგილობრივ ბაზარზე ბენზინის სუბსიდირება შეზღუდა. განახლებული წესით მოქალეეებს მიეცემათ 60 ლიტრის ე.წ. ტალონი, რომელიც მათ ლიტრი ბენზინის 22 ცენტად შეძენის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ყოველ დანარჩენ ერთ ლიტრზე კი მათ ორმაგი ფასის გადახდა მოუწევთ. მართალია ეს ფასი ევროპასა და ამერიკასთან შედარებით გაცილებით იაფია, თუმცა ირანელებისთვის, რომელთა შემოსავლები გაცილებით ნაკლებია, ეს ცვლილება უკმაყოფილებას იწვევს, რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

























