"ამერიკამ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის მაგას?"- ასე უპასუხა ოფშორული კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესების კანონპროექტის ავტორმა პაატა კვინიჟაძემ კითხვას მოხდება თუ არა ამ შეღავათით საქართველოში სანქცირებული კაპიტალის შემოსვლა.
პაატა კვიჟინაძის განცხადებით, თუკი კომპანია სანქცირებულია, მაშინ მას საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების თუ სხვა ოპერაციების შესრულება უკვე შეჩერებული აქვს, შესაბამისად, მისთვის საქართველოს მხრიდან დაწესებული ნებისმიერი სახის შეღავათები სარგებლის მომტანს არ წარმოადგენს. ამ პასუხით კვიჟინაძემ უარყო ოფშორების შეღავათით ქვეყანაში სანქცირებული რუსული კაპიტალის შემოსვლის შესაძლებლობა.
პარლამენტი უკვე მეორე დღეა დაჩქარებული წესით განიხილავს "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ შემუშავებულ საგადასახადო შეღავათს, რომელიც ოფშორული კომპანიების მხრიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებას შეეხება. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება ქვეყანას ახალ ინვესტიციებს მოუტანს, ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ეს ნორმა ბიძინა ივანიშვილთან და მისი სანქცირების გაზრდილ რისკებთან არის დაკავშირებული, რის დასაზღვევადაც "ქართულმა ოცნებამ" სპეციალური საგადასახადო შეღავათი შეიმუშავა. ამასთან, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადოს.
"ახლა კი სანქციებზე ვიტყვი, ამერიკამ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის მაგას? ამერიკა და ევროპა რომ აწესებს სანქციებს, ჩინეთი, რომელიც ნომინალურად მეორე ეკონომიკაა და გამოშვებით პირველი, ის ერიდება და არ აკეთებს ამას და საქართველო დაიცავს პაატა იქნება, თუ გივი იქნება თუ ვინც გინდა იყოს? ამნაირი სისულელე როგორ მოგივიდათ, რომ თურმე თუ საქართველოში მოიტანს და ანგარიშზე დადებს, გაქრება ის ბანკი? არ მაქვს დრო, თორემ მოგიყვებით როგორ ხდება, ყველა გადარიცხვა ხდება ამერიკული და ევროპული ბანკებიდან. ვერაფერს გააკეთებ, თუ სანქცია დაწესდა. რა საქართველო, რის საქართველო...
გამარკვიეთ - ადრე ამბობდით, გარბის [ბიძინა ივანიშვილი] საქართველოდანო და ახლა ამბობთ, რომ აქ შემოდის და აქ აბანდებსო. ჯერ გაერკვიეთ რა გინდათ რომ თქვათ და რაზე საუბრობთ.
რუსეთს საერთოდ არ აქვს ოფშორი და ეს საკითხი საერთოდ არ მოქმედებს იმაზე, რასაც ვამბობთ. ეს არის დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი და თუკი ვინმე დასანქცირებულია, ის უკვე გაჩერებულია. იმას არ უშველის ამას, საქართველოში გადავა, ინგლისში გადავა, თუ იტალიაში გადავა. თუ ვინმე დასანქცირებულია, იქ თემა დახურულია,"- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მის ბიზნეს საქმიანობას სწორედ ოფშორების მეშვეობით ახორციელებს, მათ შორის თანაინვესტირების ფონდი, ქართუ ბანკი, ტურიზმის განვითარების ფონდი თუ სხვა აქტივები ივანიშვილს იურიდიულად პანამური თუ კაიმანის კუნძულების ოფშორების გავლით ეკუთვნის.