მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

რუსული ნავთობი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებზე სანქციები აღადგინა. არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა დროებითი შეღავათების გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, ეს გადაწყვეტილება ეხება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გენერალურ ლიცენზია 134B-ს, რომელიც ისეთ ქვეყნებს, როგორიც ინდოეთია, რუსული ნავთობის შესყიდვის გაგრძელების უფლებას გარკვეული ვადით რთავდა. ეს გამონაკლისი თავდაპირველად მარტში ამოქმედდა და აპრილში კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა. თეთრი სახლი ამ ნაბიჯს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ენერგეტიკული კრიზისის თავიდან არიდების სურვილით ხსნიდა.

საყურადღებოა, რომ ვაშინგტონის ამ პოლიტიკას ამერიკელი და უკრაინელი კრიტიკოსები ღიად უპირისპირდებოდნენ. მათი შეფასებით, ეს მიდგომა მოსკოვს მილიარდობით დოლარის მიღების შესაძლებლობას უნარჩუნებდა. შეზღუდვების აღდგენის მოთხოვნით ადმინისტრაციას დემოკრატმა სენატორებმა, ჟან შაგინმა და ელისაბედ უორენმაც მიმართეს. მათი განცხადებით, სანქციების შემსუბუქებას ამერიკელებისთვის საწვავის ფასები არ შეუმცირებია. აღსანიშნავია, რომ მაშინ მოსკოვზე სანქციების გაგრძელებას მხარი წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარე ბრაიან მასტმაც დაუჭირა. ამავდროულად, მოკავშირეების ინტერესების დაცვისა და მათთვის ზიანის თავიდან აცილების აუცილებლობაზე თავად ბრაიან მასტიც მიუთითებდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კონგრესში დემოკრატები მიღებულ გადაწყვეტილებას აქტიურად აკრიტიკებდნენ. მათი მტკიცებით, ამ შეღავათებმა რუსეთსა და მის მოკავშირეებს $4 მილიარდზე მეტი დამატებითი შემოსავალი მოუტანა. ამ პოზიციას აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესანტი არ ეთანხმებოდა. მისი განმარტებით, უწყების ანალიზი მიუთითებდა, რომ რუსეთის მიერ მიღებული თანხა $2 მილიარდს არ აღემატებოდა. მაშინ სკოტ ბესანტმა ამ ნაბიჯს “მოკლევადიანი ღონისძიება” უწოდა. საყურადღებოა, რომ შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, ფილიპინებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად 2.5 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი შეიძინა. სამხრეთ კორეამ კი, რომელსაც მოსკოვისგან ნავთობი 2022 წლის შემდეგ არ უყიდია, 27,000 ტონა რუსული ნავთობპროდუქტი მიიღო.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. საპასუხოდ თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია. ეს ვითარება განსაკუთრებით მოგებიანი აღმოჩნდა რუსეთისთვის, სადაც Urals-ის ნავთობის ფასმა აპრილის დასაწყისში ბოლო 13 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და $100 დოლარს მკვეთრად გადააჭარბა. ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის ნავთობისა და გაზის დამატებითმა შემოსავლებმა აპრილში 1 ტრილიონ რუბლს ($13.8 მლრდ.) გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები